კიევი გეგმავს მოლაპარაკების გამართვას ბრიუსელთან, “თურქული ნაკადის” გამო, გაზის “სამხრეთით” ტრანზიტის დაკარგვისგან გამოწვეული ზარალისთვის კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. ოქსანა იშჩუკმა, კიევის გლობალური კვლევების ცენტრის „სტრატეგია XXI“-ის დირექტორმა აღნიშნული განცხადება „უკრაინფორმის“ სტატიაში გააკეთა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსული გაზსადენის პროექტი Nord Stream 2 ამოქმედდება, ქვეყანას 10-15 წლით ბუნებრივი აირის სტაბილურად მიწოდების გარანტიები დასჭირდება.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ევროკავშირისგან გარანტიები ბუნებრივი აირის ფასებთან დაკავშირებითაც მოითხოვა.
“უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორის” ხელმძღვანელმა სერგეი მაკოგონმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის, Nord Stream 2-ის დასრულების გამო, კომპენსაციად შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივი აირის ტრანზიტის თაობაზე ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულება რუსული მომწოდებლისგან.
იშჩუკი თავის სტატიაში იხსენებს, რომ სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მაკავშირებლების მშენებლობა უკვე დასრულდა. აღნიშნულის გამო, უნგრეთს შეეძლება რუსული გაზის მიღება სერბეთისა და ბულგარეთის გავლით, უკრაინის გვერდის ავლით – „თურქული ნაკადის“ საშუალებით.
””უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორის” წინასწარი შეფასებით, ჩვენი ქვეყნისთვის “თურქული ნაკადის” მეშვეობით საწვავის ტრანზიტი ცენტრალური ევროპის მიმართულებით, ნიშნავს 10-12 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ტრანზიტის დაკარგვას წელიწადში. თანხის მხრივ, აღნიშნული უკრაინას დაახლოებით “450 მილიონი დოლარი დაუჯდება”, – წერს იგი და დასძენს, რომ ამ დროისთვის ბუნებრივი აირი სამხრეთით უკრაინის გავლით მიეწოდება მხოლოდ მოლდოვას.
”ტრანზიტის მოცულობების დინამიკა მიუთითებს იმაზე, რომ “უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორი”, Yamal – Europe, Nord Stream 1 და Turkish Stream მილსადენების სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, მხოლოდ სიმძლავრის დამბალანსებლის ფუნქციას შეასრულებს, გაზზე მოთხოვნის ცვლილების ან სხვა ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში ” – აღნიშნავს ის.
ნინო სამადაშვილი