IEA: მიდინარე წელს, ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 5%-ით გაიზრდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 2021 წელს 5%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი – 4%-ით.

”უკანასკნელი მონაცემებით, ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 2020 წელს, COVID-19 პანდემიის ზემოქმედების შედეგად, დაახლოებით 1%-ით შემცირების შემდეგ, 2021 წლის მეორე ნახევარში გაიზრდება თითქმის 5%-ით, ხოლო 2022 წელს კიდევ 4%-ით”, – მოცემულია IEA-ს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის ივლისის ანგარიშში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნაზე ზრდას მეტწილად ადგილი ექნება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, პირველ რიგში კი ჩინეთსა და ინდოეთში.

IEA–ს მონაცემებით, ელექტროენერგიის მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2021 წლის დასაწყისშივე. 2020 წელს 3%-იანი შემცირების შემდეგ, მიმდინარე წლის პირველ მესამედში, მოთხოვნა 2,8%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს. ”ჩვენ ველით, რომ 2022 წელს მოთხოვნა დაუბრუნდება პირვანდელ ტენდენციებს და დაახლოებით 1%-ით გაიზრდება” – წერს სააგენტო.

IEA–ს პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ელექტროენერგიის წარმოება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, ჰიდროენერგეტიკის, ქარისა და მზის ფოტოვოლტური სისტემების ჩათვლით, გაიზრდება 8%-ით და 6%-ზე მეტად – 2022 წელს. ”გარდა ამისა, მსგავსი ინტენსიური ზრდის პირობებშიც კი, განახლებადი ენერგიის წყაროები შეძლებენ დააკმაყოფილონ ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის დაახლოებით ნახევარი” –  დასძენს სააგენტო.

წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული ელექტროენერგიის წარმოება დაფარავს მოთხოვნის 45%-ს 2021 წელს და 40%-ს – 2022 წელს, ხოლო დანარჩენი კი ბირთვული ენერგიაზე მოდის. IEA-ს თანახმად, წიაღისეული საწვავის, განსაკუთრებით კი ქვანახშირის, ინტენსიური გამოყენება CO2–ის ემისიას მნიშვნელოვნად გაზრდის. სააგენტო პროგნოზირებს, რომ ელექტროენერგიის სექტორიდან გამონაბოლქვი, რომელიც 2019 და 2020 წლებში შემცირდა, 2021 წელს 3.5%-ით და 2022 წელს 2.5%-ით გაიზრდება და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს.

”ნახშირისგან ელექტროენერგიის წარმოება წელს თითქმის 5%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი 3%-ით, რაც ასევე რეკორდულ მაჩვენებელია”, – ნათქვამია ანგარიშში.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply