მსოფლიო ცდილობს მიაღწიოს „ნულოვან გამონაბოლქვს“, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნები აწესებენ გადასახადს. ზოგადად, აშკარაა სურვილი ნავთობზე უარის თქმის და სრულად განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის, როგორც მთავრობების, ისე კერძო ბიზნესის მხრდან, მაგალითად, ძალიან ბევრი მსხვილი ავტოკომპანია გეგმავს მხოლოდ ელექტრომობილების ან წყალბადზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების წარმოებას. თუმცა, ამავე დროს, ექსპერტები ვარაუდობენ ნავთობის ფასის კიდევ უფრო გაზრდას.
„ენერგონიუსის“კითხვაზე, თუ რასთანაა აღნიშნული ტენდენცია დაკავშირებული, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავჯდომარე ვანო მთვრალაშვილი პასუხობს:
“მართალს ბრძანებთ, ამჟამად, მსოფლიოში ეკოლოგიურ და გარემოსთან დაკავშირებული საკითხებს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ნამდვილად შეინიშნება ყველა ის ტენდენცია, რაც ჩამოთვალეთ. მსოფლიო მიდის იქითკენ, რომ სრულად თქვას უარი ნავთობპროდუქტებზე. უმდიდრეს ნავთობკომპანიებს დაახლოებით ის ბედი ელით, რაც ერთ დროს ცნობილ კომპანია „პოლაროიდს“ – დროთა განმავლობაში უბრალოდ დაკარგა ფუნქცია, რადგან ყველა ციფრულ სისტემებზე გადავედით. სავარაუდოდ, ასე უფრუნქციოდ დარჩებიან დღეს გავლენიანი ნავთობმწარმოებლებიც, თუმცა ეს არ მოხდება უცებ, ამისთვის მინიმუმ 15 წელი მაინცაა საჭირო და ზოგ ქვეყნებში გაცილებით მეტიც, რადგან აუცილებელია, რომ ინდუსტრიული თუ საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა მოდიფიცირდეს ისე, რომ მოერგოს ენერგიის ახალ წყაროებს, რისთვისაც დროა საჭირო, ხსენებული ერთ და ორ წელში ვერ განხორციელდება.”
ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნული კარგადაა ცნობილი ნახსენები ნავთობკომპანიებისთვისაც. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, ამ გარდამავალ პერიოდში უფრო დახვეწონ ტექნოლოგიები, რათა ნავთობის მოპოვება და წარმოება უფრო სუფთა გახდეს, რაც მოქმედებს ფასზე.
“გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ნავთობზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება, პოსტ-პანდემიურ ეკონომიკის აღორძინებასთან დაკავშირებით, რაც, ასევე იმოქმედებს ფასების მატებაზე. ამიტომაა, რომ ექსპერტები უახლოესი ერთი წლის მანძილზე ფასების ზრდას ვარაუდობენ” -აღნიშნავს ის.
ნინო სამადაშვილი