საქართველო მიიჩნევს, რომ „გაზის სამხრეთის დერეფანს” ალტერნატივა არ გააჩნია, და სწორედ ეს პროექტი აქცევს საქართველოს გლობალურ და რეგიონალურ მნიშვნელოვან მოთამაშედ – განაცხადა „ნავთობისა და გაზის კორპორაციის” (GOGC) მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით, დავით ონიანმა.
სააგენტო Trend-ის ცნობით, ონიანმა ეს განცხადება ბაქოში, სამშაბათს, კონფერენცია „ნავთობისა და გაზის კვირეული – 2015″ -ზე გააკეთა.
მისი თქმით, Tanap-ის პროექტი არის მოვლენების განვითარების ერთადერთი სცენარი, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას აძლევს მოახდინოს რეალიზაცია საკუთარი სატრანსპორტო პოტენციალისა და გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე ენერგეტიკის სექტორში რეგიონალურ და გლობალურ დონეზე.
„გაზის სამხრეთის დერეფანი” ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია ევროკავშირისთვის, რომელიც განიხილავს კასპიის რეგიონიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით გაზის მიღების შესაძლებლობას. პირველ ეტაპზე, გაზის მთავარი წყარო აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადო იქნება, მომავალში კი პროექტში შესაძლოა სხვა წყაროებიც ჩაერთოს.
ამ პროექტის განხორციელებისთვის ორი ახალი გაზსადენი აშენდება – ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადრიატიკული (TAP), ასევე მიმდინარეობს არსებული გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაფართოება, რომლის ფარგლებში საქართველოში დამატებითი ინვესტიციები განხორციელდება.
საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის საიტზე არსებული ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს გავლით სულ ტრანსპორტირებული იყო 8 მლრდ კუბური მეტრი გაზი, საიდანაც 5,9 მლრდ კუბური მეტრი მოდის ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენზე, ხოლო დანარჩენი 2,1 მლრდ კუბური მეტრი – სომხეთისთვის რუსეთიდან ტრანზიტულად მიწოდებულ ბუნებრივ გაზზე.
აზერბაიჯანი წარმოადგენს საქართველოს მთავარ გაზმომმარაგებელს და გარდა ამისა, საქართველო ტრანზიტის საფასურის სახით იღებს სომხეთისთვის მიწოდებული გაზის 10%-ს. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ბრიუსელში გაიმართა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის შეხვედრა გაზპრომის ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაზპრომმა განაცხადა, რომ კალაძემ და მილერმა საქართველოსთვის გაზის მიწოდების და ასევე მესამე ქვეყანებში ტრანზიტის საკითხები განიხილეს.