გუშინ დაახლოებით 2%-იანი ვარდნის შემდეგ დღეს ნავთობის ფასმა პოზიციების უმნიშვნელო გამყარება მოახერხა. ფედერალური სარეზერვო ბანკის წევრების მხრიდან გაკეთებული კომენტარები, წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის ცვლილებისა და საპროცენტო განაკვეთების აწევის შესახებ, არა მხოლოდ დოლარზე და ზოგადად სავალუტო ბაზარზე, ენერგოპროდუქტებზეც ახდენს გავლენას.
ქვეყნები ნავთობს დოლარში ყიდულობენ. ფედერალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება კი ავტომატურად გამოიწვევს დოლარის გამყარებას. ეს ფაქტი ლიდერი ვალუტის ფონზე ისედაც დასუსტებულ სავალუტო კალათის დანარჩენ მოთამაშეებს მძიმე ტვირთად დააწვებათ და სავარაუდოდ ნავთობის ფასის კლებას შეუწყობს ხელს.
აქტუალობას არ კარგავს ირანის ნავთობის ბაზარზე დაბრუნების თემა. გაეროს 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ნიუ იორკში, როგორც ამერიკის ასევე ირანის პრეზიდენტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები შეეხო ირანის ნავთობის ბაზარზე დაბრუნების საკითხს. ირანს გადაწყვეტილი აქვს, რომ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ, ის 30 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოებას დაიწყებს. დღიურად ერთ მილიონ ბარელს კი საექსპორტოდ მოამზადებს. სჭირდება თუ არა ბაზარს ამ რაოდენობის ნავთობი, ეს უკვე ცალკე საკითხია. მთავარია, რომ ნავთობმომპოვებელი ქვეყნები თუნდაც ნავთობის კიდევ უფრო გაიაფების შემთხვევაში, ბაზარზე პოზიციების შენარჩუნების მიზნით, წარმოების შემცირებას არ აპირებენ.
ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვა:
დღეს დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან:
- ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1261 ნიშნულთან მიმდინარეობს.
- გამყარდა ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში და ვაჭრობა 1,5181 ნიშნულთან მიმდინარეობს.
- დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 119,53 ნიშნულთან მიმდინარეობს.
ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:
- ოქროზე ფასმა დაიკლო 0.51 %-ით და ვაჭრობა 1125.9 ნიშნულთან მიმდინარეობს.
- დაიკლო ვერცხლის ფასმა 0.40 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 14.48 ნიშნულთან მიმდინარეობს.
ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 0.16%-ით და ბარელზე შეადგინა 44.50 დოლარი.
Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი