ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოების პროცესი დაიწყო, რაც ბირთვული იარაღის წარმოებაში დაეხმარება, განაცხადა გაეროს ატომურმა მაკონტროლებელმა ორგანიზაციამ. თეირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განუცხადა, რომ ეს პროცესი კვლევითი რეაქტორის საწვავის შემუშავებას ემსახურება.
ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბირთვული შეთანხმების აღდგენას. შეერთებულმა შტატებმა კი ამას “უკან გადადგმული ნაბიჯი” უწოდა.
შეთანხმება, ოფიციალურად ცნობილი, როგორც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA), ზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას, რათა ბირთვული იარაღის შექმნა გართულდეს. თავის მხრივ, ხელმომწერი ქვეყნები შეთანხმდნენ არსებული ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე.
ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებულმა შტატებმა გარიგება 2018 წელს დატოვა და აღადგინა სანქციები ირანის წინააღმდეგ, რის შემდეგაც თეირანმა გარიგების პირობების დარღვევა დაიწყო.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ ინარჩუნებს ტრამპის სანქციებს ირანის წინააღმდეგ, თუმცა მუშაობს ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე.