”თურქეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პარტნიორია”
აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის სამიტზე ანტალიაში განაცხადა.
მისი სიტყვებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენისა (TANAP) და ტრანს-ადრიატიკური მილსადენის (TAP) დასრულებით, ჩამოყალიბდა მეოთხე მთავარი არტერია, რომლის გავლითაც ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდება.
ერდოღანმა ასევე დაამატა, რომ TANAP-ისა და TAP-ის პროექტები უზრუნველყოფს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დიდ სტიმულს აძლევს ეკონომიკურ განვითარებას.
ტრანს-ანატოლიური გაზსადენის პროექტი, როგორც სამხრეთ გაზის დერეფნის სეგმენტი, ახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის შაჰ-დენიზის საბადოდან თურქეთსა და ევროპაში. მაგისტრალური ხაზის TANAP-ის სიგრძე 1,850 კილომეტრია და მდებარეობს არდაჰანის რეგიონთან ახლოს, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე. დაწყებული არდაჰანიდან, გადაკვეთს ყარსს, ერზრუმს, ერზინჯანს, ბაიბურტს, გუმუშჰანას, გირესუნს, სივასს, იოზგატს, კირშეჰირს, კირიკკალეშს, ანკარას, ესკისეჰირს, ბილეციკს, კუტაჰიას და, ბურსას. მთლიანობაში, გაივლისს 20 ქალაქს, 67 დაბასა და 600 სოფელს, ჩანაკკალეს, ტეკირდაგსა და ედირნეს ჩათვლით და მთავრდება ედირნეში, თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან. აქ ის უერთდება TAP-ის მილსადენს, რომელიც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მოახდენს ევროპის ქვეყნებში. ესკისეირსა და თრაკიას ორი გასასვლელი პუნქტი აქვთ თურქეთის ბუნებრივი აირის გადამცემ შიდა ქსელთან დასაკავშირებლად.
შეგახსენებთ, რომ TAP კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე გიგანტური შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპას აწვდის ბუნებრივ აირს. 878 კილომეტრიანი გაზსადენი უკავშირდება ტრანს-ანატოლიურ მილსადენს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე კიპოიში, კვეთს საბერძნეთს, ალბანეთსა და ადრიატიკის ზღვას და აღწევს იტალიის სამხრეთ სანაპირომდე.
პროექტის ამოქმედების პირველ დღეს, 2020 წლის 31 დეკემბერს, 10,9 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ტრანსპორტირდა ევროპაში TAP–ის საშუალებით.
TAP–ს შეუძლია ხელი შეუწყოს გაზის მიწოდებას სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მომავალში დაგეგმილი დამაკავშირებლების საშუალებით. მაგალითად, ბულგარეთს საშუალება ექნება გააძლიეროს მომარაგების უსაფრთხოება TAP–ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის საჭიროების 33%–ით უზრუნველყოფით. აღნიშნული, თავის მხრივ, გაზრდის ბუნებრივი აირის შეღწევას ხსენებულ ქვეყანაში. TAP–ის ინფრასტრუქტურა საბერძნეთსა და ალბანეთში, აგრეთვე იტალიაში, ქმნის შესაძლებლობებს აზერბაიჯანული გაზის ევროპის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის.
TAP, როგორც სამხრეთ გაზის დერეფნის ბოლო სეგმენტი, რომელიც ევროპის ბუნებრივი აირის ახალ წყაროზე საიმედო წვდომას უზრუნველყოფს და სტრატეგიული დანიშნულება აქვს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში, მარაგების დივერსიფიკაციასა და დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევაში.
TAP-ის აქციონერები არიან SOCAR (20%), bp (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%).
სამხრეთ გაზის დერეფანი აკავშირებს სამ მილსადენს, რომელთა საერთო სიგრძეა 3,500 კმ. სამხრეთ კავკასიის მილსადენების გაფართოებების, TANAP-ისა და TAP-ის მილსადენების სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. შაჰ-დენიზის საბადოების განვითარების მეორე ეტაპზე წარმოებული ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე ხდება თურქეთის ბაზარზე ხსენებული მილსადენებით და გასული წლის ბოლოდან დაიწყო ტრანსპორტირება ევროპულ ბაზრებზეც.
ნინო სამადაშვილი