„სენტას“ ხელმძღვანელი მსხვილი ნავთობკომპანიების მიერ ფასების ხელოვნურ ზრდას გამორიცხავს

სენტა: მსხვილი ნავთობკომპანიები ფასებს ხელოვნურად არ ზრდიან

განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობიმპორტიორები საწვავის ფასებთან დაკავშირებით შეთანხმებულად მოქმედებენ, „სენტა პეტროლიუმის” ხელმძღვანელი არ ეთანხმება. იგი აცხადებს, რომ კომპანიების კარტელურ გარიგებაში გადაჭრით დადანაშაულება ძნელია.

ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საწვავის თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასებს შორის დიდი სხვაობა არ არ არის, შესაბამისად, ეჭვის საფუძველიც არ არსებობს. მისივე თქმით, ამას ამყარებს ისიც, რომ კომპანიების მარჟები ძალიან დაბალი და შემცირებულია.

რაც შეეხება „სენტა პერტოლიუმს”, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე წლის დასაწყისში სხვებთან შედარებით დაბალი ფასებით გამოჩნდა, იაკობიძის თქმით, ისინი ახერხებენ ბრენდირებულ კომპანიებთან შედარებით დაბალი ფასების შენარჩუნებას.

იაკობიძის განცხადებით, კომპანიამ ბენზინსა და დიზელზე ფასები ბოლოს დაახლოებით 7-10 დღის წინ, რამდენიმე თეთრით გაზარდა და ამ ეტაპზე სხვა კომპანიებთან შედარებით, სხვაობა დაახლოებით 10-12 თეთრია.

იგი აცხადებს, რომ საწვავზე დაბალი ფასების შენარჩუნებას, კომპანია ნაშთების ხარჯზე ახერხებს. თუმცა იაკობიძე პროდუქტის ღირებულების ზრდასაც არ გამორიცხავს და განმარტავს, რომ ეს ორ ფაქტორზე – საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდასა და ლარის გაუფასურებაზეა დამოკიდებული.

კომპანია ამ ეტაპზე ორ გასამართ სადგურს ბათუმსა და ქუთაისში ფლობს. „სენტა პეტროლიუმის” მესამე ობიექტის გახსნა, მიმდინარე წლის განმავლობაში კასპშიც იგეგმება.

მსხვილი ნავთობკომპანიების მიერ კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით, საზოგადოება 20/30-ის კონსულტანტი ეკონომიკურ საკითხებში ბექა კემულარია საუბრობს. მისი განცხადებით, მონაწილე სუბიექტები კარტელური შეთანხმების შესახებ ღიად არ საუბრობენ და მსგავსი ქმედებების გამომხატველი ფაქტების დამალვას მაქსიმალურად ცდილობენ.

„აქედან გამომდინარე, ასეთი კანონდამრღვევი ფაქტების გამოვლენა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწყებული მოკვლევის მიმართ საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მაღალია მოლოდინი, მაგრამ საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოკვლევის დაჩქარებაც არასასურველია. თუ საკმარისი მტკიცებულებები არ იქნა მოპოვებული, რეალური სურათის წარმოჩენა გაძნელდება, რაც მხოლოდ კანონდამრღვევი კომპანიების ინტერესებს ემსახურება, რადგან თუ არ იქნა საკმარისი სამხილები, სასამართლოში ძალიან მარტივად შეძლებენ ბრალდების გაბათილებას” – აცხადებდა კემულარია.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply