პირველად, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებამ ევროკავშირში გადააჭარბა წიაღისეული საწვავიდან წარმოებას, ვკითხულობთ ევროპის სტატისტიკური სააგენტოს Eurostat–ის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებში.
გარდა ამისა, 2020 წელს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა 1 052 582 გვტ.სთ-მდე, რაც 29 994 გვტ.სთ-ით მეტია, ვიდრე წიაღისეული საწვავიდან მიღებული. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 979 866 გვტ.სთ იყო, ხოლო 1990 წელს – 303,279 გვტ.სთ.
ევროკავშირში 2020 წელს წიაღისეული საწვავიდან ელექტროენერგიის წარმოება 9,8%-ით შემცირდა. რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელია: 2019 წელს 1,133,402 გვტ.სთ-დან 1,022,589 გვტ.სთ-მდე 2020 წელს. 1990 წელს ეს მაჩვენებელი 1,226,156 გვტ.სთ იყო, ხოლო 2007 წელს მიაღწია პიკს – 1,584,005 გვტ.სთ -ს.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გამოყენებაზე კატეგორიული უარის თქმა, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირება, მკვეთრად განსხვავდება წინა წლების ტენდენციებისგან. 2020 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გამოყენება 2019 წელთან შედარებით 12.9%-ით შემცირდა. 2005 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი 23.1% -ით არის შემცირებული. ბუნებრივი აირის შემთხვევაში, 2019 წელთან შედარებით კლებამ 2.6% შეადგინა, ხოლო 2005 წლიდან – 8.9%.
ლიგნიტისა და ბიტუმიანი ქვანახშირის მოხმარება მკვეთრად კლებულობს პანდემიის ეფექტის გამო, აღნიშნული ენერგორესურსების გამოყენების პოლიტიკის მნმიშვნელოვნად გამკაცრებასთან ერთად. 2020 წლის მონაცემები გვიჩვენებს შემცირებას წინა წელთან შედარებით, 20%-ით ლიგნიტისა და 18%-ით მყარი ნახშირის შემთხვევაში. 2005 წლიდან 2020 წლამდე ქვანახშირის გამოყენება განახევრდა 51,2%-ით, ხოლო მურა ნახშირისგან ელექტროენერგიის წარმოება 44,9%-ით შემცირდა.
ნინო სამადაშვილი