პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორმა ბალტიის ზღვის ფსკერზე “ბალტიის მილსადენის” საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.
”27 ივნისს, გემმა Castorone-მ, რომელიც პასუხისმგებელია გაზსადენების საზღვაო მონაკვეთზე პოლონეთსა და დანიას შორის, დაიწყო “ბალტიის მილსადენის” გაყვანა ბალტიის ზღვაში”, – განაცხადა კომპანიამ და აღნიშნა, რომ მშენებლობა დაიწყო დანიის წყლებში, კუნძულ ბორნჰოლმთან ახლოს. ”Castorone თანდათანობით იმოძრავებს გაზსადენის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
”ამ წლის ბოლოსთვის ჩვენ ვგეგმავთ 275 კილომეტრიანი გაზსადენის შედუღებასა და ჩაშვებას ბალტიის ზღვის ფსკერზე, რომელიც დააკავშირებს პოლონეთისა და დანიის სანაპიროებს”, – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა ტომაშ სტემპენმა.
“ბალტიის მილსადენის” არის პროექტი, რომელმაც დანიის გავლით უნდა დაუკავშიროს ჩრდილოეთ ზღვაში, ნორვეგიის შელფზე მდებარე საბადოები პოლონეთს. პროექტი ითვალისწინებს ნორვეგიული და დანიური გაზგადამცემი სისტემების ურთიერთდაკავშირებას, დანიისა და პოლონეთის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, აგრეთვე მილსადენის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ორ ქვეყანას ბალტიის ზღვის ფსკერის საშუალებით. გაზსადენის დაგეგმილი სიმძლავრეა 10 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. პოლონეთის ხელისუფლება მშენებლობის დასრულებას 2022 წლის 1 ოქტომბრამდე გეგმავს.
Gaz-System აშენებს გაზსადენს დანიის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორ Energinet-თან ერთად. დანიური პროექტის პარტნიორი კომპანია ააგებს ბუნებრივი აირის კომპრესორ სადგურს ევერდრუპში, გააფართოებს შიდა სატრანსპორტო სისტემასა და დააკავშირებს მას გაზსადენთან Europipe II, რომელიც გადის ჩრდილოეთ ზღვის ფსკერზე. Gaz-System- პასუხისმგებელია ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის საზღვაო მონაკვეთის მშენებლობაზე, რომელიც იქნება დანიისა და პოლონეთის სანაპიროების დამაკავშირებელი, ასევე ეროვნული სატრანსპორტო სისტემის განვითარებაზე.
ნინო სამადაშვილი