რა უჯდება რუსული დენი საქართველოს?
რამდენად ვყიდულობთ რუსეთისგან ელექტროენერგიას?
როგორ შევადაროთ იმპორტიორების ფასები?
ვის ჯიბეში მიდის საქართველოს მოქალაქეებისგან ამოღებული მილიონები?
რა დოზით შემოვიდა რუსეთი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში?
რის დამალვას ითხოვს ინტერ რაო სახელმწიფოსგან?
და რაც მთავარია – რა დოზით ისრულებს რუსეთი თავის ოცნებას, არ დაუშვას საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა?
ყველა სახელმწიფო უწყებას, რომლის კომპეტენციაშიც ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შედის, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს – საიდუმლოა!
“გრიფით საიდუმლო” რუსული დენი!
საიდუმლო, რომელსაც ფორმალურად „კომერციული“ ეწოდება და რომელიც კიდევ ერთხელ 2020 წელს კანონმდელობით გაამყარა სემეკმა, სწორედ იმ საიდუმლოებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის საიდუმლოდ შენახვაზე ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლება ზრუნავდა.
ესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ნაცვლად იმისა, რომ „აიპრესის“ მიერ გაგზავნილი კითხვებისთვის დეტალურად ეპასუხა, (რასაც, სხვათაშორის, თვეების განმავლობაში ველოდებოდით როგორც ესკოსგან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსგან,) გამოგვიგზავნა გაურკვეველი სახის მონაცემები, საკუთარ საიტზე დაყრდნობით, რომელსაც სრული უფლება გვაქვს არ დავეყრდნოთ მანამ, სანამ არ გვექნება დეტალური ინფორმაცია იმ კითხვებზე, რომელთა პასუხს ასაიდუმლოებს როგორს ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ესკო.
ესკომ გადაწყვიტა, დავერწმუნებინეთ იმაში, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით “რუსეთმა 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის შესახებ დასახული გეგმა უკვე შეასრულა“ არ შეესაბამებოდა რეალობას და ცდილობს დაგვაჯეროს იმაში, რომ „საქართველოში (აფხაზეთის გარეშე) აზერბაიჯანიდან რუსეთთან შედარებით 4-ჯერ მეტი ენერგიაა იმპორტირებული.“
უწყება, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტის ღირებულებას კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევს და საზოგადოებას უმალავს რომელი ქვეყნიდან რა ფასად შემოგვაქვს დენი, „აიპრესისადმი“ გამოგზავნილ თავის პასუხში აპელირებს იმაზე, თითქოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ზრდა უკავშირდება სამთვიან სარემონტო სამუშაოებს ენგურჰესზე.
„მოგეხსენებათ, 2021 წლის იანვრიდან, 3 თვიანი სარემონტო სამუშაოების გამო, გაჩერებულია ენგურჰესი, (ენგურჰესის გამომუშავება საქართველოს მთლიანი გამომუშავების (35÷40)%-ს შეადგენს), რამაც გამოიწვია იმპორტირებული ელ.ენერგიის მოცულობის გაზრდა, იანვარ-მარტის თვეებში საქართველოს იმპორტმა შეადგინა 1 მლრდ. 437,7 მლნ.კვტსთ, აქედან რუსეთიდან იმპორტირებული იქნა 863,6 მლნ.კვტსთ.
ამის გამო 3 თვეში რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიიდან აფხაზეთს მიეწოდა 750,3 მლნ.კვტსთ (რუსეთიდან იმპორტის 87%), ხოლო დანარჩენ საქართველოში იმპორტირებულია 113,3 მლნ.კვტსთ, ამის გარდა საქართველოში (აფხაზეთის გარეშე) იმპორტირებულია:
- აზერბაიჯანიდან – 463,1მლნ.კვტსთ;
- თურქეთიდან – 111,1მლნ.კვტსთ;
- ჯამში – 687,5მლნ.კვტსთ
ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოში (აფხაზეთის გარეშე) აზერბაიჯანიდან რუსეთთან შედარებით 4-ჯერ მეტი ენერგიაა იმპორტირებული.“ – გვწერს ესკო. და ამ დროს, არცერთი დოკუმენტი ან ფაქტი არ არის წარმოდგენილი, რაც მათ ნათქვამს დაადასტურებს.
უფრო მეტიც, ორივე უწყება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც და ესკოც თვეების განმავლობაში ერთმანეთთან გადამისამართების მეთოდით, თავგამოდებით ცდილობს დამალოს რუსული დენის ფასი.
ეკონომიკის სამინისტროს პასუხი – საიდუმლოა! უწყების მიერ მოწერილ პასუხში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის გაცემის უარის თქმის საფუძვლად აღნიშნულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 27-ე პრიმა 2, მუხლის 1-ლი ქვეპუნქტი.
თუმცაღა, ამავე კანონის 27-ე პრიმა-2, მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა.
ამიტომ, ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ დამატებითი მოთხოვნით: გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, 2016-2021 წლებში რომელმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა მიმართა ესკოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ ინფორმაციად ცნობის თაობაზე?
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ.
„აიპრესმა“ მოითხოვა ინფორმაცია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებმაც ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში განახორციელეს, და ამასთან, მოითხოვეს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადება და უწყებამ საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა.
ასევე მოვითხოვეთ ინფორმაცია 2016-2020 წლებში იმ იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობის შესახებ შემოსული წერილების თარიღები და წერილების ნომრები.
პასუხი ესკოდან – კონფიდენცილურია! ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ერთპიროვნულად არ წყვეტს. ინფორმაციის კონფიდენციალობის პირობას მოიცავს კონტრაქტორ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და მათი შინაარსის გათქმას მოქმედი კანონმდებლობა უკრძალავს კონტრაქტორ მხარეებს, ერთმანეთის თანხმობის გარეშე.
ვინაიდან, კონფიდენციალობის პირობა უკვე ჩადებულია ხელშეკრულებათა შინაარსში, შესაბამისად, მათი გასაჯაროვების აკრძალვის წერილობითი მოთხოვნის აუცილებლობის საკითხი არ არსებობს.
მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ამას მოითხოვს რომელიმე სახელმწიფო ორგანო მისი კომპეტენციის ფარგლებში ან ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნილია კანონმდებლობის საფუძველზე.“
შესაბამისად, ესკოს კონტრაქტორი მხარის თანხმობის გარეშე მსგავსი ტიპის ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილება არ აქვს. ამასთან, იმპორტის ფასებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არც მოქმედი კანონმდებლობით არ მოითხოვება.
განმარტება ესკოდან – კონფოდენციალურია! – ესკო, ელექტროენერგიის იმპორტის ფასების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ვინაიდან, მის წინაშე არის პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული. ინფორმაციის მიწოდება ასევე ხდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის. ამ უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას, ესკო უთითებს, რომ ეს ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
განმარტება სემეკიდან – კონფიდენციალურია! თადარიგის დაჭერა არც სემეკში დაავიწყდათ. 2020 წლის 12 ნოემბერს ახალი კანონი მიიღეს, რითაც კიდევ უფრო მეტად გაამყარეს თავიანთი არგუმენტი კონფიდენციალურობის შესახებ. „კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N69/21 გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგიის იმპორტის ფასების შესახებ ინფორმაცია მიჩნეულია კონფიდენციალურ ინფორმაციად.
რატომ არის კონფიდენციალური? – იმიტომ, რომ ესკო დღემდე „ნაცმოძრაობის“ დროს, ალექსანდრე ხეთაგურის მიერ გამოცემული ბრძანებით მოქმედებს.
სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“-ს (შემდგომში – „ესკო) სტატუსი და ფუნქციები განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“, ასევე, ესკო-ს წესდებით. აღნიშნული ნორმატიული აქტებიდან და ესკო-ს წესდებიდან გამომდინარე, ესკო არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას.
საინტერესოა, თავად სემეკი-ს თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მაინც თუ იცის რუსული დენის ფასი თუ მისთვისაც საიდუმლო გრიფი ადევს ამ ინფორმაციას?!
რა წერია „ნაცმოძრაობის“ დროს მიღებულ კანონში ანუ ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში?
„აფბა“ – ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-11 მუხლი, სადაც წერია, რომ – „კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია ღია ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობას“.
ესკოს ხელმძღვანელობამ ერთპიროვნულად, კანონისა და მინისტრის ზემოთ მოყვანილი ბრძანების უხეში დარღვევით, გადაწყვიტა, რა ინფორმაცია შეიძლება იყოს კომერციული საიდუმლოება და რა არა, მაშინაც კი, როდესაც მესამე პირებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობა თავად იმპორტიორების მხრიდან არ არსებობს.
“აფბა” – ფასების დამალვა ესკო–ს მხრიდან არამართლზომიერ გარიგებებში ჩართულობის ეჭვებსაც აჩენს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია, რომელმაც ანალოგიური პასუხი მიიღო ესკო-სგან, „აიპრესთან“ აცხადებს, რომ ესკო-ს ამ პასუხში, უგულებელყოფილია საჯაროობისა და გამჭვირვალობის ყველა ელემენტარული პირობა.
უფრო მეტიც, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასების საზოგადოებისთვის დამალვა, ესკოს მხრიდან არამართლზომიერ გარიგებებში ჩართულობის ეჭვებსაც აჩენს.
ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 29 მარტს მიმართა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას:
„ქალბატონო ნათია, მოგეხსენებათ, გამჭვირვალობის პრობლემა დღეს უმწვავესად დგას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში. ჩვენ უკვე ვნახეთ რას იწვევს საზოგადოებასთან არასწორი კომუნიკაცია და ბოლო პერიოდში პირადად თქვენც არაერთხელ აღნიშნეთ, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პრობლემა, მათ შორის, არასათანადო კომუნიკაციის დამსახურებაცაა. ჩვენ გარწმუნებთ, რომ თუ ესკო გამჭვირვალობასთან მის დამოკიდებულებას რადიკალურად არ შეცვლის, იგივე პრობლემა დადგება იმპორტირებული ელექტროენერგიის შემთხვევაშიც. აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასების საზოგადოებისთვის დამალვა, ესკოს მხრიდან არამათლზომიერ გარიგებებში ჩართულობის ეჭვებსაც აჩენს.“ – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც პასუხი არ მოყოლია…
თუმცა, როგორც ბოლო დღეებში გაირკვა, ის რაც ესკოს მიერ დამალულია მედიისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის, ხელმისაწვდომი ყოფილა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის. პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, გაასაჯაროვა ესკოსგან მიღებული წერილობითი პასუხი, 2021 წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფების შესახებ.
აფბა: ამ წერილში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ესკომ პარლამენტის დეპუტატსაც დაუმალა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა და ფასი და მას მხოლოდ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
“აფბაში” აცხადებენ, რომ ესკო არც პარლამენტის წევრის მიმართ ერიდება მანიპულაციებს და ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, დამალოს რუსეთიდან შესყიდული ელექტროენერგიის ფასი.
“რუსეთიდან იმპორტის ფასის მიუწოდებლობას, ესკო ხსნის იმით, რომ რუსეთიდან იმპორტს ახორციელებს არა თავად ესკო, არამედ კომპანია „ინტერ-რაო საქართველო“. ესკო ერთი მხრივ, სიმართლეს ამბობს, ის ნამდვილად არ ანხორციელებს რუსეთიდან პირდაპირ იმპორტს და იმპორტიორი კერძო კომპანიაა, მაგრამ ასევე აზერბაიჯანისა და თურქეთის შემთხვევაშიც, იმპორტიორები კერძო კომპანიები არიან.”
რომან გოცირიძე: როცა რაღაცას ასაიდუმლოებენ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები. როგორც წესი, აქ არის კორუფცია!
პარლამენტარი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ როცა საიდუმლოა კონტრაქტი, ესე იგი, ვიღაცის ინტერესებშია ეს და საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს.
რომან გოცირიძე: ჯერჯერობით, დენი შემოგვაქვს რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს პროცესი ვაქცინის შემოტანასავით იქნება: ოღონდ ვინმემ მოგვაწოდოს და ფასი არც იქნება მნიშვნელოვანი. სამეზობლოდან ელექტროენერგიის ექსპორტი იქნება პრობლემა. სომხეთში ატომური ელექტროსადგური დაიხურება. დიდი ხანია გასაუქმებელია, ძველი სადგურია და დიდ საფრთხეს უქმნის რეგიონს.
ტარიფი უფრო ძვირიც შეიძლება ყოფილიყო, რომ არა გარკვეული კონკურენცია საიმპორტო ბაზარზე და ენგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში, სადაც რუსული სამხედრო ბაზებიცაა განლაგებული.
ერთის მხრივ, ჩვენ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, მეორეს მხრივ ენგურიდან გამომდინარე, რუსეთიც გარკვეულწილად დამოკიდებულია ჩვენზე.
რაც შეეხება კონფიდენციალურობას, შეთანხმების მონაწილე არის ორი მხარე და თუ რომელიმეს არ უნდა რაიმეს დამალვა, ვერ იქნება კონფიდენციალური. როცა რაღაცას ასაიდუმლოებენ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები. და, როგორც წესია, ასეთ დროს არის კორუფცია და ერთი და მეორე მხარე ატყუებს თავ-თავიანთი ქვეყნების ხალხს.
საქართველოს მხარე ვალდებულია არ გააფორმოს ასეთი ხელშეკრულებები. ასეთი იყო გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელმაც წელიწადში რამდენიმე მილიონი ლარით გვაზარალა. – გვითხრა რომან გოცირიძემ.
“აფბა” „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ჩაატარა მოკვლევა და აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის იმპორტიორებთან გასაუბრებით დაადგინა, რომ არცერთ მათგანს მათი ტარიფების შესახებ ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ესკოსთვის არ აქვთ მიწოდებული.
არც საჯარო რეესტრშია რაიმე ასეთი ტიპის შეთანხმება რეგისტრირებული 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით. ერთადერთი იმპორტიორი, რომელთან გასაუბრება და საკითხის გარშემო მოკვლევა აფბამ ვერ მოახერხა, არის რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანია „ინტერრაო საქართველო“. ანუ, 4 დან 3 იმპორტიორი ჩვენთან კომუნიკაციაში ადასტურებს, რომ შეთავაზებული ფასების გასაიდუმლოების მოთხოვნით მათ ესკოსთვის არ მიუმართავთ.
ინტერ რაო საქართველო – რატომ მალავს რუსული დენის ფასს რუსეთიდან იმპორტიორი კომპანია და ვინ დგას ინტერ რაოს უკან?
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანია ინტერ რაო საქართველოა. სწორედ რუსეთის სახელმწიფოსთან პირდაპირ კავშირში მყოფი ეს კომპანია და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და ესკო მალავს რუსული დენის ფასს, თორემ სათაო ოფისს რუსეთში, საქართველოსთან დაკავშირებული ინტერესები გაცხადებული აქვს ოფიციალურად! ისინი, ფაქტობრივად, პირდაპირ ამბობენ, რომ მათი მიზანი არის საქართველო გახადონ მთლიანად მათზე ენერგოდამოკიდებული.
საქართველოს ენერგეტიკასთან მიმართებაში რუსეთს, ტრადიციულად, გრანდიოზული და ამბიციური გეგმები აქვს. მისი შესრულება უკვე დაიგეგმა.
ინტერ რაო” 2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის 57,7%-ით გაზრდას გეგმავს და ამას პირდაპირ აცხადებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო” 2021 წელს გეგმავს საზღვარგარეთის ქვეყნებს 15 მლრ კვტ. სთ. ელექტოროენერგია მიაწოდოს, 28%-ით მეტი ვიდრე 2020 წელს.
კომპანია ვარაუდობს, რომ ძირითადი მყიდველები ბალტიის ქვეყნები (ლატვია და ლიტვა) იქნებიან და მათ წილად გაყიდვების 33% მოვა. ფინეთის წილი გაყიდვის მთლიან მოცულობაში 27% იქნება, ჩინეთის – 21%, ყაზახეთის – 8%, საქართველოსი – 6%, სხვა ქვეყნების კი – 5%.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული იყო 570 მლნ კვტ სთ ელექტროენერგია, „ინტერ რაოს” მიერ პრეზენტაციაზე გაცხადებული 6%-იანი წილი საერთო ექსპორტში კი არის 900 მლნ კვტ სთ ანუ 57,7%-ით მეტი, ვიდრე წინა, 2020 წელს, 71,6%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს და 335,8%-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს.
ეკონომისტი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ესკოს მონაცემების თანახმად, 2019-2020 წლებში რუსეთიდან შემოტანილი ელექტო ენერგიის მეტობამ საქართველოდან რუსეთში გატანილთან შედარებით 1035.8 მლნ კვტსთ შეადგინა.
გიორგი კაპანაძე: „ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთიდან ექსპორტის მოცულობა პრაქტიკულად განულდა უკრაინასა და ბელარუსში, ძალზედ შემცირდა ტრადიციულად რუსეთის ელექტროენერგიის მომხმარებელ ლიტვაში და ფინეთში. არ შემცირებულა მოცულობა, მაგრამ ამონაგები ზამთრის პერიოდში ჩინეთში შორეული აღმოსავლეთის რეგიონების ძვირიანი ელექტროენერგიის ექსპორტიდან იმდენად შემცირდა, რომ „ინტერ რაომ“ შესაძლო ზარალის გამო ექსპორტის შეწყვეტა არ გამორიცხა და ამის შესახებ ჩინეთი წინასწარ გააფრთხილა.
შესაბამისად, რუსეთმა იგრძნო ბაზრის დაკარგვის საფრთხე და დაიწყო დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება კონკურენტი იმპორტიორების მიმართ.
ამ მიზნით, “ენერგეტიკულ ანექსიაში” შემოიყვანეს მათთან მჭიდრო ბმაში მყოფი პირები, რომლებიც ფაქტების გაყალბებით, მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს რუსული დენი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე იმპორტი სხვა მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ან სომხეთიდან. ოღონდ დენის ტარიფს ითვლიან იანვრის თვის ათდღიანი მონაკვეთის ფასით, როცა რუსეთში უქმეებია და დიფერენცირებული ტარიფი კილოვატზე გაცილებით დაბალია, ვიდრე პიკური მოხმარების დროს.“
რუსული „ინტერ რაოს“ საბჭოს წევრი ალექსანდრა პანინა: პერსპექტიულ მიმართულებათა შორის საქართველოა!
2019-2020 წლებში რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის მკვეთრი ზრდის დაწყების წინ, 2019 წლის 20 მაისს, „ინტერ რაოს“ საბჭოს წევრმა ალექსანდრა პანინამ რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
ინტერვიუში პანინა აცხადებდა, რომ საქართველოს ბაზრის პერსპექტივას განაპირობებდა მოხმარების ზრდის მაღალი ტემპი, აგრეთვე თურქეთში რეექსპორტის პოტენციური შესაძლებლობა.
ინტერვიუს პრესაში გამოქვეყნებამდე კარგა ხნით ადრე „ინტერ რაოს“ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი ჰქონდა, ინტერვიუში გახმაურებული მიზნების მისაღწევად, საქართველოში თავისი ფილიალის დაარსება, რაც 21 მაისს საქართველოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში შპს “ინტერ რაო საქართველოს“ გატარების დროს წარდგენილი დოკუმენტაციითაც დასტურდება.
20 მაისი – 2013 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით სს ესკოს (“ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის”) გენერალური დირექტორი დავით ამბოკაძე, 2019 წლის 21 მაისიდან შპს “ინტერ რაო საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დირექტორი ხდება.
21 მაისი – 20 მაისის ჩათვლით სახელმწიფო კომპანია ესკო-ს გენერალური დირექტორი დავით ამბოკაძე 21 მაისიდან ხდება რუსეთიდან იმპორტიორი კომპანიის ინტერ რაო საქართველოს დირექტორი.
22 მაისი – იმ ესკო-მ, რომელსაც წინა დღეს დავით ამბოკაძე ხელმძღვანელობდა, 22 მაისს „ინტერ რაო საქართველოს” საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მეორე დღეს, მისცა საბითუმო ვაჭრობაში როგორც იმპორტიორის, ისე ექსპორტიორის სახით ვაჭრობის უფლება.
ასე უცებ, სამ დღეში, სამ სვლიანი კომბინაციით მოგვარდა თემა, რომლისთვისაც სხვა კომპანიებს არაერთი ბიუროკრატიული პროცედურის გავლა მოუხდებოდათ.
ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: ვახტანგ ამბოკაძის უშუალო მონაწილეობით ხდებოდა და ხორციელდებოდა შპს „ინტერ რაო საქართველოს” დაფუძნების მოსამზადებელი სამუშაოები. საჯარო რეესტრში შპს-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია 2019 წლის 2 მაისს წარდგენილია ვახტანგ ამბოკაძის მიერ. დოკუმენტაციაში არის ვახტანგ ამბოკაძის 1 მაისით დათარიღებული თანხმობა შპს-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მის დანიშვნაზე და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე შპს-ს დარეგისტრირებაზე).
ანუ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ სახელმწიფო კომპანია ესკოს-ს გენერალური დირექტორი იყო.
საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების თანახმად, მინისტრმა ნათია თურნავამ 21 მაისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც დააკმაყოფილა ვახტანგ ამბოკაძის თხოვნა თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამი თვის ვადით დანიშნა გენერალური დირექტორის მოადგილე ზაზა დვალიშვილი, რომელიც ამ პოსტს ჯერ კიდევ 2007 წლიდან იკავებდა. 2019 წლის აგვისტოში კი ზაზა დვალიშვილი უკვე უვადოდ დაინიშნა გენერალურ დირექტორად.
შპს „ინტერ რაო საქართველოს“ დაარსებიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა და 2018 წელს საქართველოში იმპორტირებული მთლიანი ელექტროენერგიის ბაზარზე 1,5%-მდე შემცირებული რუსული დენის წილი 2 წელიწადში სამჯერ გაიზარდა.
ცნობისთვის: ესკოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სულ მცირე ორ შემთხვევაში მაინც, ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების სურვილი ერდროულად ჰქონდათ აზერბაიჯანულ„Elgreen Holdings Incorporated“-ს და რუსულ„Интер Рао ЕЭС“-ს და ორივე შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭეს „Интер Рао ЕЭС“.
ინტერ რაო-ს სამეთვალყურეო საბჭო ასე გამოიყურება:
თავმჯდომარე/წევრი: ალექსანდრა პანინა, რუსეთის ფედერაცია,
წევრი: ანატოლი მარკოვი, რუსეთის ფედერაცია
წევრი: ანნა კაშუბა, რუსეთის ფედერაცია
წევრი: ვახტანგ ამბოკაძე
წევრი: ედუარდ იურევიჩ სურლევიჩი, ბელგია
დირექტორი – ვახტანგ ამბოკაძე
დამფუძნებლები:
სილქ როუდ ჰოლდინგს ბი. ვი., ნიდერლანდები – 50.01%
ევგ ჰოლდინგ, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო – 49.99%
შპს ინტერ რაო საქართველოს დაფუძნების დროს სილქ როუდ ჰოლდინგს ბი.ვი.-ს წარმომადგენელი დავით დოჯაშვილი იყო, ხოლო ევგ-ს წარმომადგენელი კი ედუარდ იურევიჩ სურლევიჩი.
დაფუძნების მომენტში საზოგადოების გაცხადებული კაპიტალი იყო 100 000 ლარი. საზოგადოების დირექტორად დაინიშნა ვახტანგ ამბოკაძე.
სწორედ ამ საზოგადოებამ შექმნა ის სამეთვალყურეო საბჭო, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.
კომპანიის დაფუძნებისთანავე, ერთპიროვნული მმართველის გადაწყვეტილებით:
ედუარდ იურევიჩ სურლევიჩი დაინიშნა „ა” კლასის მმართველად. თიბო დეჯაჟერი დაინიშნა „ბ” კლასის მმართველად.
ედუარდ სურლევიჩმა და თიბო დეჯაჟერმა 2020 წლის 27 აპრილს მესაკუთრის სახელით და მის ნაცვლად მოქმედების უფლებამოსილება, მათ შორის, უფლებამოსილების სხვა პირებზე გადაცემის უფლებამოსილება მიანიჭეს რატი ღვამბერიას. სწორედ იმ რატი ღვამბერიას, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნებული არაერთი კომპანიის დირექტორია.
2020 წლის 12 მაისს რატი ღვამბერია აფუძნებს შპს „ეი ვი ჯი ჯორჯიას“ და მის დირექტორად ნიშნავს თავის დას, ხატია ღვამბერიას.
2020 წლის 8 ივლისს შპს ინტერ რაო საქართველოს მესაკუთრე პარტნიორი 49,99%-იანი წილით ხდება შპს „ეი ვი ჯი ჯორჯია“ (შპს ინტერ რაო საქართველოს წესდების თანახმად შვილობილ კომპანიაზე წილის გადაცემის შემთხვევაში დამფუძნებელი პარტნიორის თანხმობა არ არის საჭირო).
დამფუძნებელი პარტნიორის (მინდობილი პირის) გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ევგ ჰოლდინგმა შპს „ეი ვი ჯი ჯორჯიას” კაპიტალი გაზარდა 12 937 875 ლარის ღირებულების არამატერიალური ქონების (შპს ინტერ რაო საქართველოს 49,99%-იანი წილი) გადაცემის გზით.
და ბოლოს…
„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი ქვეყნის იმპორტიც არ უნდა იყოს, იმპორტდამოკიდებულება შემცირდეს, ეს ზოგადად იმპორტს ეხება და არა ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას,“ – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ ირინა მილორავამ 2019 წლის 3 ივნისს „ინტერ რაო საქართველოს“ რეგისტრაციის კომენტირებისას განუცხადა ჟურნალისტებს და ვახტანგ ამბოკაძეს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის განმახორციელებელ ახალდაარსებულ კომპანიაში, დირექტორად გზა დაულოცა…
ასე სახელმწიფოსგან გზადალოცვილად მოდის კომპანია, უკვე მესამე წელია და სწორედ ამ წლებს უკავშირდება რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის მკვეთრი ზრდა საქართველოში….
ეს ყველაფერი ამით არ დასრულებულა. 2019 წლის 5 დეკემბერს ირინა მილორავა ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
2021 წლის 23 აპრილს სააქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც მიზნად ისახავდა, ასოციაციის წევრებთან ერთად, ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების შეჯამებას. სწორედ ამ შეხვედრაზე ყველასთვის მოულოდნელად ბირჟის გენერალურა დირექტორმა პრივილიგირებული იმპორტიორის ცნების შემოტანა მოითხოვა.
ეს თეზა, ირინა მილორავამ „ბანკები და ფინანსების“-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა, სადაც აღნიშნა, რომ: „იმპორტიორს ზუსტად იგივე უფლებები და ვალდებულებები ექნება ბირჟაზე, როგორც ნებისმიერ სხვა მონაწილეს, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც იმპორტიორის შერჩევის პრინციპებთან დაკავშირებით რჩება და ეს არის სწორედ ის საკითხი, რომელზეც ახლაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და რომელიც მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცებულ სპეციალურ წესში უნდა აისახოს.”
აქამდე გვეგონა, რომ იმპორტიორის სტატუსს მის მიერ შემოტანილი ელექტროენერგიის ფასი და ესკოს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვები განაპირობებდა. რა შეიცვალა ჩვენ ქვეყანაში? რატომ უნდა ერგოს ნათესაური კავშირების გამო ვინმეს პრივილეგირებულის სტატუსი? მითუმეტეს, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორს?
და მაინც? რა ღირს რუსული დენი საქართველოსთვის? უფრო სწორად, რა უჯდება ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობა?
პასუხი არ არის…
წყარო: ipress.ge