აფხაზეთის ომის ვეტერანებმა ე.წ. ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – იმ შემთხვევაში, თუ უახლოესი 1 თვის მანძილზე ენერგეტიკის პრობლემები არ გადაწყდება და შეზღუდვები არ გაუქმდება, ისინი საზოგადოებას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
უკმაყოფილების მიზეზი გახდა ელექტროენერგიის მიწოდების ახალო განრიგი – ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა ენერგოკომპანიამ ‘“ჩერნომორენეგრო“, ელექტროენერგიის უკონტროლო ხარჯვის თავიდან არიდების მიზნით, ისევ გათიშვები დაიწყო. შექმნილი ვითარების მიზეზი იგივეა, რაც ბოლო თვეების მანძილზე იყო – კრიპტოვალუტების არალეგალური მაინინგი.
იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ მარტში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა კრიპტომაინინგს ომი გამოუცხადა და ერთი შეხედვით, გარკვეული შედეგებიც მიიღო, ენერგოკრიზისი რეგიონში არათუ არ სუსტდება, არამედ ყოველდღიურად მწვავდება, სიტუაცია კი სულ უფრო და უფრო უიმედო ხდება.
აფხაზეთში აქამდე ზაფხულში ენერგომომარაგების შეზღუდვის პრეცედენტი არ ყოფილა – როგორც წესი, შეზღუდვები ზამთარში, ჰესის წყალსაცავში წყლის დონის შემცირების გამო წესდებოდა, თუმცა, ამ წელს ენერგომოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ განრიგის შემოღება უკვე ივნისში, ტურისტული სეზონის დასაწყისში გახდა აუცილებელი.
აკრძალვების და სანქციების მიუხედავად, აფხაზეთი კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის იდეალურ ადგილად კვლავ რჩება – ელექტროენერგია აფხაზეთში თითქმის უფასოა, თანაც ამ მინიმალურ ტარიფსაც კი არავინ იხდის.
„ჩერნომორენერგო“–ს მთავარი ინჟინერის საიდ ბლაბბას თქმით, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და წინ გაცილებით უფრო მძიმე პერიოდია მოსალოდნელი.
„სადღეისოდ ჩვენი ენერგომოხმარება დღე–ღამეში 6,5 მლნ. კვტ.ს.–ს შეადგენს, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 2,5 მლნ.–ით აღემატება. თუ მოხმარება სასწარაფოდ არ შემცირდა, დეფიციტი წელიწადში 400 მლნ. კვტ.ს.–მდე გაიზრდება. ამიტომაც, იძულებულები ვართ ღამით და დილით 2–2 საათიანი გათიშვები შემოვიღოთ. ტურისტული სეზონის გამო განრიგი საკმაოდ რბილია და სავარაუდოდ, ის ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ განრიგი გამკაცრდება.
პოლიტიკური ორგანიზაცია „არუაა“, რომელიც ომის ვეტერანებს აერთიანებს, ახალი განრიგის შემოღებას აპროტესტებს და ენერგოკრიზისის მიზეზად ხელისუფლების არაკომპეტენტურობას მიიჩნევს.
კერძოდ, საუბარია პრეზიდენტის და მთავრობის გადაწყვეტილებაზე მაინინგის ლეგალიზაციის თაობაზე – მოგვიანებით, ეს მიდგომა გადაიხედა და კრიპტოვალუტების მოპოვება კვლავ აიკრძალა, თუმცა უკვე გვიანი იყო.
„ეჭვგარეშეა, რომ ამ სიტუაციაში მთავრობა ხალხს ეტყვის, რომ ენგურჰესი ან უნდა გაქირავდეს, ამ გაიყიდოს, ქვეყნის ენერგოქსელები კერძო ინვესტორებს გადაეცეს, შემდეგ კი ტარიფი მრავალჯერ გაიზარდოს და ეს ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯად გასაღდება. ეს დაუშვებელია, ამიტომაც მთავრობას ენერგოკრიზისის გადაწყვეტისთვის 1 თვეს ვაძლევთ – წინაამღდეგ შემთხევაში მოსახლეობას საყოველთაო პროტესტისკენ მოვუწოდებთ“, – ამბობენ ვეტერანები.
წყარო: “კომერსანტი”