ელექტროსადენების ბაზარმაც, ისევე როგორც სექტორების უმრავლესობამ, პანდემიისა და ლარის კურსის ცვლილების გამო მკვეთრი ცვლილება განიცადა. კერძოდ, 70%–ით გაძვირდა ნედლეული და, შესაბამისად, გაძვირდა მისგან მიღებული პროდუქტიც. „საქკაბელის“ მმართველი პარტნიორი ედიშერ მამალაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ამის მიზეზი ვალუტის ცვლილებასთან ერთად მსოფლიოში სპილენძის გაძვირებაა, თუმცა, პანდემიის დროს, ადგილობრივი წარმოება, იმპორტთან შედარებით, გაიზარდა.
„საკაბელო ბაზარი გაძვრებულია რამდენიმე მიზეზის გამო – ჯერ ერთი, სავალუტო კურსის გამო, რომელიც ზოგადად ქვეყნის პრობლემაა, მეორეც — ნედლეულის გამო. პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი ნედლეული და პოლიმერები, რომელიც იმპორტირებულია, განიცდის 70-90 პროცენტიან ზრდას. ახლა ერთი ტონა სპილენძის ფასი ლონდონის ბირჟაზე 9400 დოლარამდეა, როცა შარშან ამ დროს 5000 დოლარი ღირდა. ამანაც გამოიწვია საკაბელო პროდუქციის ფასის გაზრდა დაახლოებით იმავე მაჩვენებლით. ჩვენი ნედლეული შემოდის უზბეკეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველა ნედლეული იზომება მსოფლიო ფასიდან გამომდინარე.
სასიკეთოდ უნდა ითქვას ის, რომ პანდემიის პერიოდში ადგილობრივი წარმოება უფრო გაიზარდა, ვიდე იმპორტი. იმპორტს არა მარტო ფასებში, არამედ ლოგისტიკურად შეექმნა პრობლემა. როდესაც ფასების ცვალებადობაა, ადგილობრივი წარმოება უპირატესობას განიცდის, რადგან მას უფრო მეტი მოქნილობა აქვს ბაზარზე მიწოდების.
ბაზრის დარეგულირების მოლოდინი გვაქვს, როცა პანდემია დასრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზრის ზრდა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან გაჩერებულია ეკონომიკის დარგები. როცა ძვირდება პროდუქცია, მოთხოვნა მცირდება, რადგან მოსახლეობის გამდიდრება ფასების ზრდის პროპორციულად არ ხდება. აქედან გამომდინარე, მყიდველების რაოდენობა მცირდება ამ ქვეყანაში,“ – ამბობს ედიშერ მამალაძე.
დღესდღეობით ელექტროსადენების ბაზარზე ადგილობრივ წარმოებას 30% უჭირავს. როგორც „საქკაბელის“ მმართველმა პარტნიორმა განმარტა, საქართველოში ამ პროდუქციის წარმოება უკვე სრულად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხდება.
წყარო: “კომერსანტი”