„ენერგეტიკულმა ბირჟამ არ უნდა დაუშვას რომელიმე მონაწილის პრივილეგირებული მდგომარეობა“ – გიორგი კაპანაძე

ენერგეტიკულმა ბირჟამ არ უნდა დაუშვას რომელიმე მონაწილის პრივილეგირებული მდგომარეობა“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, მართებულადაა განსაზღვრული ენერგეტიკული ბირჟის მისია და მათ ვებგვერდზეც ოფიციალურადაა მითითებული, რომ ბირჟამ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალე და კონკურენტული გარემო და ბაზარს სწორი საფასო სიგნალები მიაწოდოს.

„ბირჟის მისია სწორად და სავსებით მართებულად არის განსაზღვრული,  მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რამდენად მოახერხებს ამ მისიის შესრულებას ბირჟა არსებული მენეჯმენტის პირობებში. ამ შეშფოთების საფუძველს მაძლევს ბირჟის გენერალური დირექტორის, ქალბატონი ირინა მილორავას მიდგომა, როდესაც ის აცხადებს, რომ მუშავდება იმპორტიორის შერჩევის პრინციპი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საუბარია პრიორიტეტული, იგივე პრივილეგირებული იმპორტიორის შერჩევის პრინციპზე. მკაფიო განმარტება, თუ რას გულისხმობს ეს, ბირჟის მენეჯმენტს არ გაუკეთებია“, -აღნიშნავს კაპანაძე.

აფბას ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რომ თუკი ენერგეტიკული ბირჟა დაუშვებს, ნებისმიერი რაიმე საბაბითა თუ მიზეზით, რომელიმე მონაწილის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, ეს ბირჟის იდეას ძირშივე მოკლავს.

„ენერგეტიკულმა ბირჟამ არ უნდა დაუშვას რომელიმე მონაწილის პრივილეგირებული მდგომარეობა. ეს რეფორმის არსს დაამახინჯებს და ბაზრის ლიბერალიზაციის პრინციპს, რასაც ეს რეფორმა ეყრდნობა, უბრალოდ გააქრობს და მივიღებთ ვითარებას, როცა წელიწადის იმპორტდამოკიდებული თვეების განმავლობაში (და ასეთი თვეები, მოგეხსენებათ, ბევრია), ბირჟაზე გვეყოლება პრივილეგირებული იმპორტიორი, სავარაუდოდ, რომლის ინტერესის დაკმაყოფილების შემდეგაც გაიღება ბირჟის კარი სხვა იმპორტიორებისთვის. სანამ მკაფიო განმარტებას არ მოვისმენთ ბირჟის ხელმძღვანელობისგან, თუ რას გულისხმობს კონკრეტულად პრიორიტეტული იმპორტიორის ცნება და იგეგმება თუ არა მისი დანერგვა ბირჟის პრაქტიკაში, მანამდე ბირჟის იდეას დიდი კითხვის ნიშანი ადგას თავზე“, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

Leave a Reply