ნათია თურნავა: „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით, „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიდის.

„მედიაციის პროცესით დადასტურდა, რომ პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროპული ენერგეტიკული ქარტიის მედიატორის მოწვევის თაობაზე მართლაც სწორი გადაწყვეტილება იყო. პირველი ნაბიჯები დეესკალაციისთვის გადაიდგა, ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტინგენტი და რკინის ჯებირები ხეობაში“, – აცხადებს თურნავა.

მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი, რაც შეთანხმებულია საერთაშორისო მედიატორთან, არის, რომ ორივე მხარემ, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ლიდერებმა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არ შეუშლიან ხელს ინვესტორს და კომპანიას, რათა მან მშვიდობიანად განახორციელოს სამუშაოები საწყისი ნებართვის ფარგლებში.

„მთავარი მიმართულება მედიაციის პროცესში არის გარემოსდაცვითი სტანდარტების და გარემოსდაცვითი პროცედურების კვლევების გადამოწმება, რათა საბოლოო ჯამში ეს პროექტი განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების შესატყვისად, რაც იქნება საქართველოს ინტერესებში“, – განაცხადა თურნავამ.

Leave a Reply