ავარიული ვითარების გამო, Gazprom-ის მილსადენიდან დიდი ოდენობით მეთანმა გაჟონა. კომპანია ენერგოსექტორში მძიმე სასათბურე გაზის სერიოზულ გაჟონვაზე პასუხისმგებლობას იღებს.
მეთანის უზარმაზარი გაჟონვა თავდაპირველად გეოანალიტიკური კომპანიის, Kayrros-ის სატელიტის მონაცემებმა გამოავლინა. ამის შემდეგ რუსულმა კომპანიამ განაცხადა, რომ 4 ივნისს გაზსადენის შეკეთების დროს, 2.7 მილიონმა კუბურმა მეტრმა (1,830 მეტრი ტონა) მეთანმა გაჟონა.
კომპანია ამტკიცებს, რომ “გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით”, არ შეეძლო მობილური კომპრესორის სადგურის გამოყენება სარემონტო სამუშაოების შედეგად გამოყოფილი მეთანის შესამცირებლად, თუმცა ამტკიცებს, რომ პოტენციური გამონაბოლქვის 22%-ის შეჩერება შეძლო.
Kayross-ის შეფასებით, ემისიების სიჩქარე საათში 395 მეტრი ტონა მეთანია, რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
თუმცა, ეს Gazprom-ის მილსადენიდან მეთანის გაჟონვის პირველი ინციდენტი არ არის. 24 მაისს Kayross-მა აღმოაჩინა მეთანის კიდევ ერთი გაჟონვა, რომლის გამონაბოლქვის სიჩქარე საათში 214 ტონაა. მაშინ კომპანიამ განაცხდა, რომ გაჟონვის მიზეზი ურენგოი-პეტროვსკის მილსადენის რემონტი იყო. კომპანიის მონაცემებით, გამონაბოლქვის მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 900 000 კუბური მეტრი, რაც, მათი მტკიცებით, “აკმაყოფილებს სამრეწველო უსაფრთხოების მოთხოვნებს”.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მეთანის წვლილზე გლობალურ დათბობაში და აღნიშნა, რომ “უაღრესად მნიშვნელოვანია ფართო და ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება ატმოსფეროში ყველა დამაბინძურებელი გამონაბოლქვის გაანგარიშებისა და მონიტორინგისთვის”. 24 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის რეგიონულმა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ პერიოდში ტექნოგენური დაზიანება არ დაფიქსირებულა.
წყარო: “ბიზნესფორმულა”