”ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანთან ვართ დაკავშირებული TANAP და TAP გაზსადენების პროექტებით. ხსენებული პროექტების მიღმა, ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. რა შეიძლება იყოს ეს? მაგალითად, როგორც ახლა ვთანამშრომლობთ TANAP–სა და TAP–ის პროექტებზე ჩემს ძვირფას მეგობარ ილჰამ ალიევთან, იგივენაირად შეგვიძლია ვიმოქმედოთ ლიბიაშიც.” – აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა თურქეთის ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება თურქული ტელეარხი NTV.
თურქეთის ლიდერმა დაამატა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს აქვთ მდიდარი ცოდნა და გამოცდილება, ამიტომ საწყისი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება “ბურღვით სფეროშიც კი”.
”მე მას (ალიევს) ეს შევთავაზე და მან გამოხატა კმაყოფილება ხსენებულ წინადადებასთან დაკავშირებით და მზადყოფნა აღნიშნული მიმართულებით მუშაობაზე. იმედი მაქვს, რომ ასეთი ერთობლივი ნაბიჯებით გადადგმით, შევძლებთ გავიდეთ არა მხოლოდ ევროპულ ბაზარზე, არამედ, პირველ რიგში, გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა ჩვენსავე ქვეყნებში და ახალ ბაზრებზეც”, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 15 ივნისს ქალაქ შუშაში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების დროს განიხილეს SOCAR–ისა და TPAO–ს მიერ “ახალ” ბაზრებზე ერთობლივი ინვესტიციების საკითხი. ”ვფიქრობ, ჩვენ ამ საკითხზე მუშაობას კიდევ გავაგრძელებთ” – განაცხადა ერდოღანმა.
ნინო სამადაშვილი