რუსთავში ,,მერების შეთანხმების პროგრამის” ფარგლებში, ევროკავშირისა და რუსთავის თვითმმართველობის თანადაფინანსებით 808 765 ევროს ღირებულების პროექტი განხორციელდება. პროექტი ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.
პროექტის პრეზენტაცია, დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. შეხვედრას რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში მიკოლაი ბიკასიაკი, მდგრადი ურბანული განვითარების პროექტის (CoMDeP) მხარდამჭერთა გუნდის წარმომადგენელი იან ვანდერი, ენერგეტისკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“გასულ წელს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, ორგანიზაცია ,,მდგარადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრთან ერთად ევროკავშირის მიერ განხორციელებულ საგრანტო კონკურსში (CoMDeP) გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში მოპოვებული გრანტით და ადგილობრივი ბიუჯეტის 20,06 %-იანი თანადაფინასნსებით 24 თვის განმავლობაში #6, მე-40 და 41-ე საბავშვო ბაღების ენერგო-ეფექტური რეაბილიტაცია განხორციელდება. გრანტის საერთო მოცულობა 808 765 ევროა. ,,მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრი” ევროკავშირისგან 646 527 ევროს მიიღებს, თანხის ერთი ნაწილი, როგორც ვიცით, უკვე ჩარიცხულია, ხოლო რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია თავის მხრივ 162 238 ევროს გაიღებს ამ პროექტის განსახორციელებლად. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და პროექტი წარმატებით განხორციელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, მათ შორის განსაკუთრებული მადლობა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებსა და “მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრს,”- განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსთავის სამ საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობის სისტემის, ენერგოეფექტური განათების, მზის ენერგიის კოლექტორების მონტაჟი განხორციელდება.
