ორშაბათს იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზისა და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვის გამო, ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა და ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის უმეტეს ნაწილს შეუწყდა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანას დამატებითი გენერაციის ობიექტები არ აქვს, მსგავსი შემთხვევებისგან ქვეყანა დაზღვეული არ არის, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ „ენგურჰესზე“ დატვირთვის მთავარი მიზეზი კრიპტომაინინგია და სწორედ მან გამოიწვია ხსენებული ავარიაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ენერგონიუსთან“კომენტარი Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა გააკეთა.
ექსპერტის აზრით, ხსენებული არ შეესაბამება სიმართლეს:
„იმის გამო, რომ კრიპტომაინერებზე ოფიციალური მონაცემები არ ასებობს, ხდება აღნიშნული საკითხით აპელირება. ამ ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიაზე კრიპტომაინერები ძირითადად გვხდებიან აფხაზეთისა და სვანეთის რეგიონში. ანუ, ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს დასავლეთ რეგიონთან, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს აღმოსავლეთ საქართველოს გადამცემ ხაზთან „იმერეთთან“. რაც შეეხება ცნობილ მსხვილ კრიპტო კომპანიებს, მათი ენერგომოხმარება მთლიანოაბში აღწევს ქვეყნის ენერგომოხმარების მაქსიმუმ 2%-ს, რაც მნიშვნელოვან მაჩვენებელს არ წარმოადგენს და ამის გამო არ შეიძლება საწარმოებზე უარი ვთქვათ. მაგალითად, „ჯორჯიან მანგანეზის“ წლიური ენერგომოხმარება არის ქვეყნის მოხმარების 2%, მგონი არავის უნდა რომ „მანგანეზის“ მუშაობა შევაჩეროთ ქვეყნის ენერგორესურსების დასაზოგად. პირიქით, ყველას გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი საწარმო აშენდეს, რომელსაც დასჭირდება მეტი ენერგია და ჩვენ უნდა შევძლოთ მათი ენერგიით უზრუნველყოფა, რომელსაც გამოვიმუშავებთ საკუთარი გენერაციის ობიექტებით.“
ნინო სამადაშვილი