მთავარი მოვლენა: 2021 წლის 8 ივნისს სენატში გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გერმანიასთან ერთად იმუშავებს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის მშენებლობის დასრულების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი ნეგატიური გავლენა შეამსუბუქოს.
მოვლენა დეტალურად: ვაშინგტონმა გერმანიასთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად მაისის ბოლოს აღარ გაავრცელა სანქციები მილსადენის მშენებელი კომპანიისა (Nord Stream 2) და მისი გენერალური დირექტორის, მატიას ვარნიგის წინააღმდეგ. თეთრი სახლის პოზიცია ვაშინგტონის „ეროვნული ინტერესებით“ აიხსნა. თუმცა, ამავე დროს, ვაშინგტონმა დასტური მისცა სანქციების შემოღებას ოთხი ხომალდის („ბალტიკური მკვლევარი“, „ვლადისლავ სტრიჟოვ“, „იური ტოპჩევ“ და „აკადემიკ ჩერსკი“) წინააღმდეგ, რომლებიც მილსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ.
ბლინკენის განცხადებით, შერბილებული სანქციების პირობებში, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მთავარი ამოცანაა უკრაინისა და სხვა ქვეყნების ინტერესების მხარდაჭერისთვის ყველაზე ეფექტური გზების პოვნა. ვაშინგტონის შეფასებით, მაშინ, როდესაც გერმანია პროექტის განხორციელებაზე უარს არ ამბობს, უმჯობესია გერმანიასთან ურთიერთობა არ გაფუჭდეს და ბერლინთან ერთად გამოინახოს გზები, თუ როგორ შეიძლება უკრაინისთვის დაკარგული სატრანზიტო გადასახადების კომპენსირება და ისეთი გარემოს შექმნა, როდესაც რუსეთი ვერ შეძლებს გაზის გამოყენებას უკრაინასა და სხვა ქვეყნებზე ზეწოლის ინსტრუმენტად. ბლინკენის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მილსადენი „ცუდ იდეად“ მიაჩნია, მაგრამ რეალობასაც უნდა შეხედონ, რომ მილსადენის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია.
პროექტის შესახებ
„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენი რუსეთს, ბალტიის ზღვის გავლით, პირდაპირ გერმანიას დაუკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). პროექტის დასრულების შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგება უკრაინა და აშშ. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. ასაშენებელია მილსადენის 160-კილომეტრიანი მონაკვეთი.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის: ვაშინგტონის შეფასებით, პროექტის განხორციელება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს, ძირს უთხრის უკრაინის სატრანზიტო როლს და აძლიერებს რუსეთის გავლენას ევროპის ენერგოსფეროზე. თუმცა, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, გერმანიასთან ურთიერთობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა, ვიდრე პროექტის დასრულების ყველა შესაძლო საშუალებით შეჩერება. ამიტომაც, ამ ეტაპზე, ვაშინგტონისთვის მთავარი ამოცანა მოკავშირეებზე რუსეთის ნეგატიური გავლენის შემცირების გზების განსაზღვრაა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტის განხორციელების შედეგად, უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია შესუსტდება და იგი რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მიმართ მოწყვლადი გახდება. ამიტომაც, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც პროექტის მიმართ ამერიკული წინააღმდეგობა შესუსტებულია, უკრაინის მთავარი ამოცანა სატრანზიტო შემოსავლების კომპენსირების ფორმების განსაზღვრა და რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის წინააღმდეგ მოკავშირეებისგან მყარი გარანტიების მიღება იქნება.
რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს.
წყარო: gfsis.org