ირანი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს იწყებს

ენერგოდეფიციტის შემცირების მიზნით, ირანმა ხუთშაბათს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი  დაიწყო. აღნიშნულის შესახებ განცხადება, ირანის ენერგეტიკის სამინისტროს სპიკერმა მოსტაფა რაჯაბი მაშჰადმა გააკეთა.

მისი სიტყვებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელექტროქსელზე “მოღანის” ელექტროგადამცემი ხაზების მიერთებისთანავე დაიწყო ელექტროენერგიის იმპორტი: ”ამჟამად, ხსენებული გადამცემი ხაზიდან 73 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება ირანის შიდა ქსელს.”

აღნიშნული გადამცემი ხაზიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა პიკური მოხმარების საათებში შეიძლება 130 მეგავატამდეც გაიზარდოს .

ივნისის თვის დასაწყისში სპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყანა თურქმენეთიდან 140 მეგავატის ელექტროენერგიის იმპორტს განახორციელებს ელექტროენერგიის შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად. მან ასევე ხაზი გაუსვა სამინისტროს ძალისხმევას, ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების სრულად დასაკმაყოფილებლად.

პირველ ეტაპზე თურქმენეთიდან 140 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდება, რაც ხორასანის რეგიონის (ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანი) ზოგიერთი ნაწილის ელექტროენერგიის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად თითქმის 3,000 მეგავატით იზრდება ირანის ელექტროენერგიის გენერაცია, ნალექებისა და კაშხლების წყლის მარაგის შემცირებამ უარყოფითად იმოქმედა ელექტროენერგიის წარმოებაზე.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ტემპერატურის მუდმივმა ზრდამ და ნალექების მნიშვნელოვანმა შემცირებამ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და სერიოზული პრობლემები შეუქმნა პიკური მოხმარების პერიოდებში ელექტროენერგიის მიწოდებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბოლო წლებში ირანის ენერგეტიკის სამინისტრო ახალ სტრატეგიებს მიმართავს მოხმარების მართვისა და ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირების მიზნით.

2020 წლის ივლისის ბოლოს, ენერგეტიკის მინისტრმა რეზა არდაკანიანმა განაცხადა, რომ მისმა სამინისტრომ განიხილა ახალი წამახალისებელი პაკეტები ელექტროენერგიის დაბალი მოხმარების მქონე საყოფაცხოვრებო და საწარმოო აბონენტებისთვის.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply