„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ყველა მხარის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბარი. დირკ ბუშლე – ევროგაერთიანების უმაღლესი თანამდებობის პირი ენერგო გაერთიანების მიმართულებით, საკითხში არის ჩართული და მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს საკითხის მართვა და ყველა მხარესთან არის აქტიური კომუნიკაცია. მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პოზიციებს აფიქსირებდა. მიღწეული არის გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესის მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს, – ამის შესახებ აპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხატია წილოსანმა განაცხადა.
მან ოპოზიციას საკითხით დაინტერესებისკენ და ჩართულობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით მკვეთრი ნაბიჯები.
„თუ კი ვინმე არის დაინტერესებული ამ საკითხებით, გარწმუნებთ, რომ ეს არის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებები და კერძო სექტორიც. თქვენც უნდა იყოთ დაინტერესებული, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის მოხმარება არის ყოველწლიურად მზარდი და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით მკვეთრი ნაბიჯები. მე გამოვთქვამ მზადყოფნას, ისევე, როგორც ჩვენი კომიტეტის ყველ წევრი, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე“,- განაცხადა ხატია წილოსანმა.