ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნამახვანჰესის შესახებ ისაუბრა. თურნავა აღნიშნავს, რომ კომპანია ენკას ხელმძღვანელებთან ხშირი კონტაქტი აქვთ და ინვესტორი მზად არის, ხელი შეუწყოს კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას.
“ჩვენ პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორებთან. ენკას ხელმძღვანელებს ხშირად ვეკონტაქტებით, პირადად მე მაქვს ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება.
ინვესტორი სრულიად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას. მით უფრო, რომ უკვე წავიდნენ მნიშვნელოვან კომპრომისზე – ვგულისხმობ კაშხლის მშენებლობის ვადის გადაწევას, ხეობის განვითარებისთვის დამატებითი ფონდის შექმნას, ყველა კვლევის გახსნას”. –თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, 15-მდე ორგანიზაციამ ნამახვანჰესის პროექტის შესახებ არსებული კვლევები უკვე გამოითხოვა და მათგან შესაბამის დასკვნებს ელოდებიან.
“ჩვენ ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება მათგან დასკვნა, რომლითაც ჩვენ ინვესტორს მოვთხოვთ, რომ გადახედოს მას, გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს”. –თქვა ნათია თურნავამ.