აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა რუსეთისთვის ტყვიის მიწოდების ტოლფასია, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ იარაღია, ნამდვილი იარაღია რუსეთის ხელში. გაუგებარია, რომ რუსეთს ამ იარაღისთვის ტყვიები ისეთმა დიადმა ქვეყანამ შეიძლება მიაწოდოს, როგორიც ამერიკაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა მას პირდაპირი მესიჯი გადასცა, რომ აშშ მზად იყო გაზსადენის დაბლოკვისთვის, თუმცა შემდეგ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებზე უარს ამბობს.
„აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გაზსადენი უკვე თითქმის დასრულებულია და გერმანიასთან კარგი ურთიერთობების მნიშვნელობა მოიყვანა არგუმენტად. რამდენი უკრაინელის სიცოცხლედ ღირს აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობები?“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.
„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.