ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მზის პანელები ენერგეტიკის მომავალია, ყოველ შემთხვევაში, ისეთი ადგილებისთვის, როგორიცაა ფლორიდა, არიზონა, ეგვიპტე და ა. შ., ანუ სადაც დღეების უმრავლესობა ნათელი და მზიანია. თუმცა, ისეთ ადგილებში სადაც მზიანი დღეები ნაკლებად არის და უფრო მეტად ღრუბლიანი კლიმატია, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, მზის ენერგიის ათვისებაზე საუბარი საკმაოდ რთულია.
ბრიტანელმა მეცნიერებმა ფიზიკის ეროვნულ ლაბორატორიაში შექმნეს მზის პანელები, რომლებიც ღრუბლიან ამინდში უკეთესად ფუნქციონირებს. დიახ ისინი გამოიმუშავებენ უფრო მეტ ენერგიას მაშინ, როცა ღრუბლები ეფარება მზეს, ვიდრე მაშინ როდესაც ის ინტენსიურად ანათებს. მეცნიერებმა ისიც კი დაადგინეს, რომ ახალი მზის პანელების ეფექტურობა მზიან ამინდში მხოლოდ 10%-ია, მაშინ როცა ღრუბლიან ამინდში ის 13%-საც კი აღწევს.
აღნიშნული მზის კოლექტორები, რომელთაც ორგანულ ფოტოელექტრულ პანელებს უწოდებენ, აბსოლუტურად განსხვავდებიან ყველა დანარჩენი მიმღებებისგან. ისინი შედგებიან პატარა ორგანული მოლეკულებისგან, რომლებიც მზის დასხივების დროს ნახევარგამტარების როლში გვევლინებიან. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ხსენებული მოლეკულები ძალიან ადვილად იშლება და შესაძლებელი ხდება მისთვის 3D პრინტერის მეშვეობით სასურველი ფორმის, ზომის თუ ფერის მინიჭება.
ფიზიკის ეროვნული ლაბორატორიის მთავარი მკვლევარ-მეცნიერ ფერნანდო კასტროს განცხადებით, ახალი ინოვაციური მზის პანელები ღრუბლიან ამინდში უკეთესად აითვისებს ენერგიას, ვიდრე მზის დასხივების დროს.
„ორგანული ფოტოელექტრული პანელები დაბალ და სუსტ სინათლის შუქზე უკეთესად ფუნქციონირებენ. ისინი ღრუბლიან ამინდშიც კი მუშაობენ, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ უფრო მეტ ენერგიას გამომუშავებენ, არამედ იმას, რომ უფრო ეფექტურად ახდენენ სინათლისგან ენერგიის მიღებას. აქედან დასკვნა, ისინი სტანდარტულ პანელებზე უკეთესად იმუშავებენ მოღრუბლურ ამინდში“.- განაცხადა ფერნანდო კასტრომ.
მეცნიერები აღნიშნული ტქნოლოგიის გამოყენებას თავდაპირველად ელექტრო მოწყობილობებში ვარაუდობენ, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, არ გამორიცხავენ მის თანდათანობით ენერგოსისტემებში გამოყენებასაც. ექსპერტების მოსაზრებით აღნიშნული პანელების დამზადება და მათი წარმოებაში ფართოდ დანერგვა მომავალი 5 წლის განმავლობაში აქტიურად იქნება შესაძლებელი.
ფერნარდო კასტროს განცხადებით, ამ ტექნოლოგიების წარმოება დრეს უფრო ფართომასშტაბიანი იქნებოდა, იმ შემთხვევაში თუ თავის დროზე ასეთ იდეას მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ.
„ძალიან დიდი ხნის მანძილზე აღნიშნული ტექნოლოგია ძალიან მცირე ყურადღებასა და წახალისებას იმსახურებდა ინვესტორებისგან. ჩვენ გაცილებით უფრო შორს ვიქნებოდით წასულები, ხალხს რომ მისი მნიშვნელობა უფრო ადრე გაეაზრებინა“, – აცხადებს კასტრო.
რაც შეეხება 3D პანელების მომავალს, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ხსენებული ტექნოლოგიის დასახვეწად, რათა მან ხარისხით კონკურენცია გაუწიოს სტანდარტულ სილიკონის პანელებს. თუმცა მეცნიერები ამ საკითხის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
ნინო სამადაშვილი