„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციები ამჟამად ერთადერთი ეფექტური ინსტრუმენტია რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დროს.
„ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი გამოიყენეთ, რათა Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა არ დაუშვათ. ამ პროექტის დასრულება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა დენის შმიგალმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შეჩერება მხოლოდ აშშ-სა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლიათ.
20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.
„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.