დეპუტატ, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სემეკის წევრების კანდიდატების შერჩევის კანონმდებლობა არასწორად გაიგო. ტყემალაძის განცხადებით, კანონის მიხედვით, სემეკის წევრობის კანდიდატებს პრემიერი არჩევს, რის შემდეგაც კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად პრეზიდენტს უგზავნის.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აბსოლუტურად არასწორად გაიგო კანონი და კონკურსი მოაწყო ვინ უნდა წარმოედგინა და ვინ არა. პირიქით არის, – ეს არის კომუნიკაციების მარეგულირებელში, როდესაც თვითონ არჩევენ და შემდგომ გადმოაგზავნიან პარლამენტში. პირიქით უნდა იყოს, – პრემიერმა უნდა ჩაატაროს შიდა კონკურსი და პრემიერმა უნდა შეარჩიოს. შემდეგ ის უნდა წარუდინოს პრეზდინეტს. პრეზიდენტი ამ შემთხვევაში არის გამტარი. წავიკითხოთ კანონი, სადაც ეს შავით თეთრზე არის დაფიქსირებული. პრეზიდენტიდან კი არ უნდა მოდიოდეს ეს ინიციატივა, პრემიერმა უნდა მოახდინოს შერჩევა, შეათანხმოს კანდიდატურა და ეს კანდიდატურა გადაუგზავნოს პრეზიდენტს”, – აცხადებს ტყემალაძე.
მისივე თქმით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის კომუნიკაციის ნაკლებობა არ არის, თუმცა კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა და “ტრადიციულად” სემეკის წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტი აღარ არჩევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად წარდგენილი სამი კანდიდატიდან, მთავრობამ ორ კანდიდატზე უარი განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას პარლამენტში წარსადგენად 8 სექტემბერს შესთავაზა დავით ასლანიშვილის, გიორგი ფანგანის და მარინა გულედანის კანდიდატურები. მთავრობამ 22 სექტემბერს მხოლოდ გიორგი ფანგანის კანდიდატურა მოიწონა.