“აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მწვანე წყალბადის, გეოთერმული ენერგიის საპილოტე პროექტის, ასევე, ბიომასისა და ბიოგაზის პროექტების განსავითარებლად”

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის ისეთ დარგებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია, ასევე ბიოენერგია და განსაკუთრებით გეოთერმული ენერგია, საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს და ხშირად გაისმის უკმაყოფილება, რომ არ ხდება ხსენებული რესურსების სათანადოდ ათვისება,

“ენერგონიუსი” დაუკავშირდა ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს გიორგი ჩიქოვანს, იმის გასარკვევად, თუ რამდენად იგეგმება რაიმე პროექტის განხორციელება ან თუნდაც კვლევითი სამუშაოების ჩატარება აღნიშნული მიმართულებით?

“ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულად მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი წყლის რესურსს ანუ ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. თუმცა მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს როგორც ქარის ასევე მზის ენერგიის კუთხით. სწორედ არსებული პოტენციალიას ათვისება არის მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.  

ამ ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის პორტფელში იდენტიფიცირებული და განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა ჯამში 80 მგვტ სიმძლავრის მზის პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ხოლო რაც შეეხება ქარის ენერგიას ამ ეტაპზე ფონდის პორტფელში განვითარების ეტაპზეა 4 ქარის ელექტროსადგურის პროექტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ჯამური სიმძლავრით 310 მგვტ.”

გიორგი ჩიქოვანის სიტყვებით, გარდა მზისა და ქარის პროექტებისა, აქტიურად მიმიმდინარეობს მუშაობა წყალბადის, ბიომასისა და გეოთერმული ენერგიის პროექტებზეც.

“სს ,, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა ბიომასისა და ბიოგაზის პროექტები. ამასთანავე განახლდა ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის საქართველოში და ბიომასის გამოყენების პოპულარიზაციის კვლევა. დაგეგმილია და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მწვანე წყალბადის და გეოთერმული ენერგიის საპილოტე პროექტის განსავითარებლად სხვადასხვა საერთაშორისო დონორ თუ საფინანსო ორგანიზაციებთან” – აცხადებს ენერგეტიკოსი.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply