ხატია წილოსანი: „ნამახვანჰესის“ პროექტში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ყველა რისკი

არის რამდენიმე მითი „ნამახვანჰესის“ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის სამი საკითხი, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განაცხადა.

„მე პირადად ემოციური კავშირი მაქვს მეღვინეობის სექტორთან, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კურატორი ვიყავი და ბევრი კითხვა, რომელიც დაკავშირებული იყო ჰესთან და „ტვიშის“ ზონასთან, ჩვენი მხრიდანაც მოდიოდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კომპანიამ, რომელმაც ჩაატარა კვლევები „ტვიშის“ ზონაზე ნამახვანჰესის მშენებლობის გავლენასთან დაკავშირებით, გვარწმუნებს იმაში, რომ ასეთი საფრთხეები არ არსებობს და სადაც ჰესი შენდება, საკმაოდაა დაშორებული „ტვიშის“ მიკროზონა. შესაბამისად ამაზე გავლენები არ იქნება“, – აღნიშნა წილოსანმა.

ხატია წილოსანმა, ასევე განმარტა ზუთხის გადაშენებაზე ჰესის მშენებლობის გავლენის საკითხი. „ბიომრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ზუთხის გავრცელების არეალი არ არის ახლოს ნამახვანჰესისა და რიონის იმ მონაკვეთაან რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რაც შეეხება მესამე საკითხს, რომელიც უკავშირდება ზოგადად ნამახვანჰესის კასკადების მდგრადობასთან დაკავშირებულ თემებს, ეს იქნება გრავიტაციული კაშხალი, რომელიც თავისი გამძლეობითა და სეისმური მდგრადობით, ერთ-ერთი ყველაზე გამძლეა. ამის მაგალითია ის რომ სეისმოლოგიურად მდგრად რეგიონებში შენდება გრავიტაციული კაშხლები, მაგალითად იაპონიასა და ჩილეში, სადაც არის რისკები იმისა, რომ მიწისძვრებმა და ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვიოს კაშხალზე ზემოქმედება“, – აღნიშნა წილოსანმა.

მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ პროექტში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ყველა რისკი.

Leave a Reply