გასული კვირის განმავლობაში ევრომ დოლართან მიმართებაში პოზიციები დაკარგა, თუმცა მისი დასუსტება ხანმოკლე აღმოჩნდა. ევროპის 19 ქვეყნის ნაციონალურმა ვალუტამ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის მიერ ოფიციალური განცხადების გაკეთებიდან სულ ცოტა ხანში პოზიციციების აღდგენა მოახერხა და 1.12 ნიშნულზე დაფიქსირდა. ევროპის მთავარი ბანკის პირველმა პირმა ოფიციალურ გამოსვლაში არ გამორიცხა, რომ ეკონომიკის წასახალისებლად და ინფლაციის სასურველ ნიშნულზე გასასვლელად სტიმულაციის დამატებითი პაკეტის შემუშავება გახდეს საჭირო. აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებელი სულ რაღაც 0,2% იყო. ცენტრალური ბანკის პროგნოზით ეს მაჩვენებელი 2016 წლისთვის 1,1%-ით 2017-ისთვის კი 1,7%-ით უნდა განისაზღვროს. მარიო დრაგის განცხადებით, ჩინეთის ეკონომიკური პრობლემები და ნავთობის დაბალი ფასები ევროპის შემთხვევაშიც აისახა ინფლაციის ტემპზე.
ევროპას რომ ეკონომიკური პრობლემები ნამდვილად აწუხებს ამას, სხვადასხვა წამყვანი ქვეყნიდან ბოლო დროს გამოსული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც მოწმობს. გერმანიაში დაეცა საწარმოო აქტივობის ინდექსი, არც თუ სახარბიელო სიტუაციაა ამ მხრივ საფრანგეთსა და სხვა ევროზონის ქვეყნებში, რაც ეკონომიკური განვითარების დამუხრუჭებაზე მიანიშნებს.
გასულ კვირაში ფედერალური სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილების გარეშე ჩავლილი სხდომის შემდეგ დოლარმა პოზიციები მალევე აღიდგინა.საპროცენტო განაკვეთების ძველ ნიშნულზე დატოვებამ ტრეიდერებს დოლარის მასიური შესყიდვებისკენ უბიძგა, რაც აისახა კიდეც ლიდერი ვალუტის კურსზე. ერთთვიანი აღმასვლიდან დაღმასვლისკენ კორექტირდა ფუნტი,რასაც დიდწილად შეუწყო ხელი ქვეყნიდან გამოსულმა სუსტმა მაკროეკონომიკურმა მაჩვენებლებმა. კერძოდ, სტატისტიკის ნაციონალური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთის საბიუჯეტო დეფიციტი 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა.
ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა საპროცენტო განაკვეთების ძველ ნიშნულზე დატოვება არასაკმარისი მზაობით ახსნა. კერძოდ, ცენტრალური ბანკი შრომის ბაზრის განვითარებას და ინფლაციის სასურველ 2%-იან ნიშნულზე გასვლას ელოდება, რასაც ნავთობის დაბალი ფასები ამუხრუჭებს.
ნავთობი
გასულ კვირაში ნავთობის ფასმა მერყევი ტრენდი განავითარა. ორშაბათს დაახლოებით 4%-იანი მატების შემდეგ მისი ღირებულება მალევე დაეცა. ამერიკული ნედლი ნავთობის შემთხვევაში ფასის კლებამ 48 ცენტი შეადგინა და მისი ღირებულება 46 დოლარი გახდა. ბრენტის ტიპის ნავთობის შემთხვევაში კი ფასმა 45 ცენტით დაიკლო და მისი ღირებულება 48 დოლარზე ჩამოვიდა. გასული კვირის განმავლობაში ამერიკამ ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დაახლოებით 2.1 მილიონი ბარელით შეამცირა, რამაც იქონია კიდეც გავლენა ფასზე და ორშაბათს ერთბაშად 4%-იან მატებასაც შეუწყო ხელი.
როგორი იქნება მომავალში ნავთობის ფასის ტრენდი? ანალიტიკოსების მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია. Goldman Sachs პესიმისტურად არის განწყობილი და ნავთობის ფასის საპროგნოზო მაჩვენებელს 2016 წლისთვის მკვეთრად ამცირებს. განსხვავბეული პოზიცია აქვთ ბერნშტეინის ანალიტიკოსებს. მათი განცხადებით, ბაზარზე უახლოეს მომავალში ნავთობის ფასის მატება დაიწყება და სულ მალე ის შესაძლოა ძველ ნიშნულსაც კი დაუბრუნდეს. ექსპერტები თავიანთ მოსაზრებას ამყარებენ იმ არგუმენტით, რომ მომავალი წლისთვის ბაზარზე ჭარბი ნავთობი აღარ უნდა იყოს, რაც ფასების მატებას შეუწყობს ხელს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ნავთობის ფასმა 2016 წლისთვის ბარელზე 80 დოლარისაც კი მიაღწიოს.
Admiral market Georgia