კომპანიამ 25 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, ცხადია ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს საფრთხეს უქმნის „თბილისი ენერჯის“ ფუნქციონირებას, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „თბილისი ენერჯის“ კომერციული მიმართულების დირექტორმა, ედიშერ ხორავამ განუცხადა.
„ასევე პრობლემა ექმნება დედაქალაქის გაზმომარაგებას, უსაფრთხო და უწყვეტ რეჟიმში. სწორედ დღეს განხორციელდა ეს გადათვლა და მოხდა ტარიფის მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან“, – აღნიშნა ხორავამ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 მაისის საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებული სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ის ჩათვლით. ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის 1-ლი ივნისიდან. ტარიფის კორექტირება განპირობებულია ქ. თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით.