სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი იმპორტი გაიზრდება, გაუარესებული კურსის პირობებში, ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
„ამ ეტაპზე, რაიმე სახის გადაანგარიშებები ელექტროენერგიის ნაწილში მოსალოდნელი არ არის, რადგან შედარებით ახალი დადგენილია ელექტროენერგიის ტარიფი. გარდა ამისა, ამ გაზაფხულზე გვაქვს კარგი ჰიდროლოგია საქართველოში არსებული უხვი ნალექებიდან გამომდინარე. ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ელექტროენერგიის წილი საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ კალათაში. ეს ხაზს უსვას იმას, რომ ადგილობრივი გენერაცია უნდა განვითარდეს და ადგილობრივი ჰესები უნდა ავაშენოთ. ელექტროენერგიის ნაწილში ჩვენ თუ იმპორტი გაგვეზარდა, გაუარესებული კურსის პირობებში, ბუნებრივია, ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს“, – განაცხადა ნარმანიამ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 მაისის საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებული სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ის ჩათვლით. ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის 1-ლი ივნისიდან. ტარიფის კორექტირება განპირობებულია ქ. თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით.