„არ შეიძლება სეისმიკაზე, არ შეიძლება მიწისძვრებზე, არ შეიძლება კაშხლების მდგრადობაზე ვიღელვოთ ჩვენ მეგაფონებით და აქციების დროს“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა თბილისში მიმდინარე აქციის შეფასებისას ამბობს, რომ ამგვარი საკითხები არა ქუჩაში, არამედ ექსპერტების ჩართულობით წყდება:

„არ შეიძლება სეისმიკაზე, არ შეიძლება მიწისძვრებზე, არ შეიძლება კაშხლების მდგრადობაზე ვიღელვოთ ჩვენ მეგაფონებით და აქციების დროს“, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, იმისთვის, რომ „ნამახვანჰესი“ კარგად გათვლილი და უსაფრთხო პროექტი იყოს, მუშაობა მიმდინარეობს და არსებობს მზადყოფნაც, რომ პროცესში „რიონის ხეობის მცველებიც“ ჩაერთონ:

„მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ რიონის ხეობის მცველებთან, აქტივისტებთან იმაზე, რომ ეს პროექტი იყოს საბოლოოდ ისეთი, რომელიც არანაირ კითხვას აღარ იწვევს. ამისთვის ჩვენ ორი ძალიან კარგი პლატფორმა შევთავაზეთ. ერთი ეს არის ევროკავშირის ჩართულობით და მეორე ეს არის ექსპერტთა საბჭოს შექმნით და ესეთი საკითხები წყდება ექსპერტების ჩართულობით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. მან განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ „ნამახვანჰესი“ საჭირო პროექტია:

„ერთი წამითაც ეჭვი რომ მეპარებოდეს იმაში, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი, ეკონომიკურად გაძლიერებული საქართველოს ინტერესი გადის დამოუკიდებელ ენერგეტიკაზე და ამისთვის ნამახვანი, სტრატეგიული პროექტი საჭიროა, მე აქ თქვენს წინაშე არ ვიდგებოდი როგორც მინისტრი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply