“საბუკოს” განცხადება “ნიგოზას” ქარის ელექტროსადგურის პროექტის გასაჩივრებასთან დაკავშირებით

“საბუკო” ფასკუნჯების პოპულაციაზე ზემოქმედების საფრთხის გამო, “ნიგოზას” ქარის სადგურის პროექტის გასაჩივრებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს საკუთარ facebook გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საბუკო 2020 წლის აპრილიდან მუშაობს კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაკის ქედზე დაგეგმილი ნიგოზას ქარის სადგურის საკითხზე. პროექტის გასაჩივრების საფუძველი არასრულად წარმოდგენილი და ნაკლოვანებით შესრულებული დოკუმენტაცია გახდა.

კერძოდ:

სკოპინგის ეტაპზე არ მოხდა კვერნაკის ქედის გარდა სხვა ალტერნატიული ადგილის განხილვა;

კომპანიას მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმით აქვს შეთანხმებული საპროექტო ტერიტორია – კვერნაკის ქედი და პირდაპირ მიუთითებდა, რომ ალტერნატივები განხილვას არ ექვემდებერებოდა. ალტერნატიული ტერიტორიების წარმოდგენა კი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების აუცილებელი ნაწილია.

სკოპინგის ეტაპის შემდგომ, პროცესი კვლავ ნაკლოვანებებით მიმდინარეობს. მაგალითისთვის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი ორნითოლოგიური კვლევა.

ამ და სხვა ფაქტორების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტზე ადმინისტრაციული წარმოება ახლახან შეაჩერა.

უნდა აღინიშნოს, რომ საბუკოს ჩართვის შემდეგ, კომპანიამ ნაწილობრივ შეცვალა ტურბინის განთავსების თავდაპირველად განსაზღვრული ადგილი და 300 მეტრის ნაცვლად, 2800 მეტრით დააშორა ფასკუნჯის ბუდეს. თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გამოირიცხოს ამ სახეობაზე ზემოქმედების საფრთხე, ვინაიდან გზშ ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა ამის საშუალებას.

ფასკუნჯი მთელ ევროპაში გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და მისი პოპულაცია საგანგაშოდ სწრაფად მცირდება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომზადებული დოკუმენტაცია, კვლევები პასუხობდეს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება პროექტის განხორციელებისა თუ განუხორციელებლობის შესახებ.”

Leave a Reply