ჩვენ შევქმენით რამდენიმე ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ერთი ასეთი პლატფორმა ჩვენი და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივაა, ექსპერტთა საბჭოს ფარგლებში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღესაც ელოდებიან ნებისმიერი ექსპერტისგან დასაბუთებულ წინადადებას, შენიშვნას, კრიტიკასა თუ რეკომენდაციას, რისი გათვალისწინებაც სავალდებულო იქნება კომპანიისთვის.
„ასევე ძალიან კარგი ფორმატია მათთვის, ვისაც ნამდვილად უნდა, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და პროექტის სრულყოფა, ეს არის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავათა საბჭოს ხელმძღვანელის ჩართულობა, რომელმაც უკვე დაიწყო პირველი კონტაქტები სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან. ესეც არაჩვეულებრივი ფორმატია იმისთვის, რომ თუნდაც აქტივისტებმა გამოიყენონ ეს ფორმატი. მოვუწოდებთ მათ, რომ ჩაერთონ ამ კონსტრუქციულ რეჟიმსა და დიალოგში. ეს არის სწორი ფორმატი. რაც შეეხება ულტიმატუმსა და რადიკალიზაციას, ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ გაირკვეს ყველა, თუნდაც ტექნიკური დეტალები პროექტზე.
ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ. კოვიდმა წელიწად-ნახევარი ისედაც თითქმის პარალიზება გამოიწვია. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმისთვის, ქვეყანა და ეკონომიკა თანდათან გავხსნათ, ავამოქმედოთ. გამოვაცოცხლოთ ტურიზმი, ჩამოვიდნენ ტურისტები და დავახვედროთ უსაფრთხო და მიმზიდველი გარემო, რათა სწარაფად ამუშავდეს ტრანასპორტი, მაღაზიები და ბიზნესი. აქედან გამომდინარე, უნდა ვისწრაფოდეთ, რომ ამ გზით ვიაროთ. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ პლატფორმის ფარგლებში, რაზეც არის საუბარი და ამ მორატორიუმის ფარგლებში „ნამახვანჰესი“ გაცილებით სრულყოფილი პროექტი გახდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.