ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეებზე ზეწოლა ხორციელდება

„ქრონიკა“ სოფელ ნამოხვანში ადგილობრივებს ესაუბრა და გაირკვა, რომ მოსახლეობის ნაწილი სულაც არ ფიქრობს ისე, როგორც ამას გარკვეული ჯგუფები წარმოაჩენენ. გარდა ამისა, ხშირია ბულინგის შემთხვევები.

„ქრონიკასთან“ საუბრისას, მოქალაქეების ნაწილმა უსაფრთხოების მიზნით, სახის გამოჩენა არ ისურვა. ადგილობრივებს ნამახვანჰესის აშენება სურთ. მას შემდეგ კი, რაც ეს პოზიცია ხმამაღლა გამოხატეს, აგრესიის და ზეწოლის მსხვერპლი გახდნენ.

ნამოხვანის მცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ ჰესის აშენება მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს. ამბობენ, რომ კაშხლის აშენება რეგიონში დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამიტომ მათთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგებიან გარკვეული ჯგუფები რეგიონის ენერგოდამოუკიდებლობას.

ვინ და რატომ აშინებთ ნამოხვანჰესის მცხოვრებელებს, ამ კითხვით „ქრონიკამ“ ე.წ „რიონის მცველებს“ მიმართა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ნამახვანჰესის პროექტის დირექტორისთვის მოსახლეობაზე ზეწოლა ახალი არ არის. მერაბ ლომინაძის თქმით, დიდი ხანია ადგილობრივებს ჰესის აშენება სურთ, თუმცა ამის შესახებ ბულინგის გამო ხმამაღლა ვეღარ საუბრობენ. პროექტის დირექტორის თქმით, კომპანიამ აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

Leave a Reply