“ჩვენი გეგმაა, მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, მსვლელობები მოვაწყოთ და სხვადასხვა ადგილის პიკეტირება დავიწყოთ”

„ჩვენი გეგმაა, მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, მსვლელობები მოვაწყოთ და სხვადასხვა ადგილის პიკეტირება დავიწყოთ. კონკრეტულად, საით დავიძვრებით, როგორ და რას გადავკეტავთ, ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. მთავრია, რომ დავიძვრებით“, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი უკვე ამოწურულია.

„კომპანია „ენკა“ და მისი წარმომადგენლობა არ არიან ჩვენი კითხვების ადრესატები. ჩვენ კითხვები გვაქვს, მათ შორის, ხელისუფლებასთან. ამ კითხვებს ვსვამთ მთელი 209 დღეა. ხელისუფლებას მათზე პასუხები არ აქვს და ბუნებრივია, დიალოგის სივრცე რომ ამოიწურა, ამიტომ ვართ აქციის ამ ფორმებზე გადასული“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ულტიმატუმის დროის ამოწურვამდე რამდენიმე საათი რჩება. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას დრო დღეს 12:00 საათამდე მისცეს. მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, დედაქალაქის პარალიზებას გეგმავენ. გუშინ, აქციის დასრულების შემდეგ, მათ რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და ღამეც იქ გაათიეს. რაც შეეხება მოთხოვნებს – ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა.

Leave a Reply