მირზა ნოზაძე: თუ არ შეწყვეტენ ხეობაში უკანონო სამუშაოებს, ხელისუფლება პროტესტის ბუნებრივ ესკალაციას მიიღებს

პასუხების არარსებობის შემთხვევაში, აუცილებლად უზრუნველვყოფთ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ყველა იმ პირისა, ვინც მონაწილეობდა ამ ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულების ხელმოწერასა და გაფორმებაში ,- ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე ერთ-ერთმა აქტივისტმა, მირზა ნოზაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, „პროტესტის ბუნებრივ ესკალაციას“ მიიღებს.

„ჩვენ არ დავიღლებით ამ ბრძოლაში, მიუხედავად ბრძოლის უთანასწორობისა, არ გამოგვეცლება გონივრულობა და აუცილებლად შევძლებთ ყველა ჩვენს დასმულ კითხვაზე ვაიძულოთ ხელისუფლება, არსობრივად გაგვცეს პასუხი.

პასუხების არარსებობის შემთხვევაში, აუცილებლად უზრუნველვყოფთ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ყველა იმ პირისა, ვინც მონაწილეობდა, ჩვენი აზრით, ამ ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულების ხელმოწერასა და გაფორმებაში.

როცა ხელისუფლება ამაყობს, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს თავისუფალი გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში და თითქოს წინა ხელისუფლების დროს აქამდე მოსვლასაც ვერ შევძლებდით პროტესტით, ჩვენ ვიძახით, რა აზრი აქვს პროტესტს თუ პროტესტის მიერ დასმული საკითხები უგულებელყოფილი იქნება ხელისუფლებისგან. მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს პროტესტს აზრი, თუ ხელისუფლება ჩვენს წუხილს და ტკივილს გაითვალისწინებს და ისინი შეეცდებიან ამ ტკივილით დამძიმებული ადამიანების ხმა გაითვალისწინონ და უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული სივრცე დიალოგისთვის, სადაც ხალხი სამართლიან პროცესში უზრუნველყოფს ხელისუფლებასთან ყველა საკითხის გარკვევას და თუ საჭირო იქნება, ყველა იმ ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა “ნამახვანჰესის” კასკადის ხელშეკრულების გაფორმებაში და ამით დათმეს ეროვნული ინტერესები. თუ ისინი არ შეწყვეტენ ხეობაში უკანონო სამუშაოებს, თუ არ უზრუნველყოფენ ჩვენს პროტესტის ძირითად ადგილას დაბრუნებას, ბარიკადების და საპოლიციო ძალების გაყვანას ხეობიდან, რომელსაც ჩვენ ამდენი დღეა ვითხოვთ, ხელისუფლება მიიღებს პროტესტის ბუნებრივ ესკალაციას და ამით შეიყვანს საკუთარ თავს ჩიხში“ , – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

Leave a Reply