აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტში მონაწილე 3 რუსულ ორგანიზაციასა და 13 გემს სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტში მონაწილე 3 რუსულ ორგანიზაციასა და 13 გემს სანქციები დაუწესა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, მატიას ვარნიგს სანქციები არ დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი – ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.

Leave a Reply