სენატორი ჯიმ რიში: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისთვის სანქციების გაუქმებით ბაიდენი პუტინს საჩუქარს გადასცემს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორის, Nord Stream 2 AG-ის მიმართ სანქციებს არ გამოიყენებს.

„ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, უარი თქვას სანქციებზე Nord Stream 2 AG-სა და მისი აღმასრულებელი დირექტორის მიმართ აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უბრალოდ არასწორია. როგორც ჩანს, ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ რატომღაც შეერთებული შტატების ინტერესებშია, რომ ეს მავნე გავლენის მქონე რუსული პროექტი შედგეს. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება იმ ყველაფერს, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მანამდე განაცხადეს. ეს პუტინისთვის საჩუქარია, რომელიც შეერთებული შტატების ბერკეტებს ბაიდენი-პუტინის მოსალოდნელ სამიტამდე მხოლოდ შეასუსტებს. ადმინისტრაცია უფრო ანიჭებს უპირატესობას გერმანიისა და რუსეთის ინტერესებს, ვიდრე ცენტრალურ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს“, – ნათქვამია სენატორის განცხადებაში.

ჯიმ რიში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი პირია, რომელიც კანონით უფლებამოსილია უარი თქვას სანქციების გამოყენებაზე და ამრიგად, მას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ პროექტის განხორციელებაზე.

„ადმინისტრაციამ უნდა გამოასწოროს დღევანდელი შეცდომა, სანამ გვიან არ არის. ღრმად შემაშფოთებელია, რომ ამ ადმინისტრაციამ პირველივე დღეს გააუქმა Keystone XL-ის მილსადენი, რის შედეგადაც ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. მიუხედავად ამისა, ეს ადმინისტრაცია განაგრძობს რუსი მუშების მხარდაჭერას, რომლებიც იმ პროექტში მონაწილეობენ, რომელიც აშშ-სა და ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.

Leave a Reply