რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა პოზიტიური სიგნალია.
კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტში მონაწილე ყველა მხარე პროექტის სწრაფად დასრულებაშია დაინტერესებული.
„ყველა სირთულის მიუხედავად, პროექტი გრძელდებოდა, მიმდინარეობდა სამუშაოები. ჩვენ და ამ პროექტში მონაწილე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დარწმუნებულნი ვართ, რომ პროექტი მესამე ქვეყნების მხრიდან ზეწოლას არ უნდა განიცდიდეს. ეს უკანონო ქმედებაა და საერთაშორისო კომერციული ურთიერთობების წესებს არ შეესაბამება. ამ პროექტის გაგრძელება, მისი სწრაფად დასრულება ჩვენი ქვეყნისა და ამ პროექტში მონაწილე მხარეების ინტერესებს პასუხობს“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.