აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბობ მენენდესმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, მატიას ვარნიგს სანქციებს აღარ დაუწესებს.
„კონგრესმა სახელმწიფო დეპარტამენტისგან სავალდებულო ანგარიში მიიღო Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე სუბიექტების შესახებ, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მითითებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უარს იტყვის სავალდებულო სანქციების დაწესებაზე კომპანია Nord Stream 2 AG-სა და მისი აღმასრულებელი დირექტორის მატიას ვარნიგის მიმართ“, – ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაში.
სენატორი ბობ მენენდესი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება ბაიდენის ადმინისტრაციის აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
„ადმინისტრაციას მოვუწოდებ, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება და კონგრესის მიერ მიღებული სანქციები გამოიყენოს. ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს პროექტი ცუდი იდეა და მავნე გავლენის მქონე პროექტია. ვიზიარებ ამ განწყობას, თუმცა ვერ ვხედავ, თუ როგორ შეუწყობს ხელს დღევანდელი გადაწყვეტილება აშშ-ის ძალისხმევას, ევროპაში რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს“, – აღნიშნავს სენატორი ბობ მენენდესი.