ფრიდონ ინჯია: თუ „ენერგეტიკულ ბირჟასთან“ დაკავშირებულ საკითხებს პარლამენტი განიხილავს, მხოლოდ მივესალმები

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის” ამოქმედება დათქმულ ვადებში ვერ ხერხდება და გაურკვეველი დროით გადაიდება. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ხელისუფლებას მიმართა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, დანიშნოს საპარლამენტო მოსმენა „ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. ამ თემაზე “აიპრესის” კითხვებს პარლამენტარმა ფრიდონ ინჯიამ უპასუხა.

– ბატონო ფრიდონ, გავრცელებული ინფორმაციით, “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა” დათქმულ ვადაში,  მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ვერ ამოქმედდება და მისი მუშაობის დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ვადებში ვერ ეტევა. როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ენერგეტიკულ სექტორში მსგავსი რეფორმების განხორციელებას?

– მე არ მაქვს ინფორმაცია და არც კომპეტენტური ვარ, ენერგეტიკის სფეროზე ვისაუბრო, თუმცა, რამდენადაც ვიცი, “ენერგეტიკული ბირჟა” არსებობს და ფუნქციონირებს ქვეყანაში. სხვა რამე ახალი თუ ხდება, არ ვიცი.

ზოგადად, ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციაა, რომ მოიტანოს ელექტროენერგია და გაყიდოს. მაგალითად, საწარმო მიდის ბირჟაზე – ვიღაც ყიდულობს ელექტროენერგიას 28 თეთრად და ამ დროს სხვამ შეიძლება 20 თეთრად გაყიდოს.

ენერგეტიკის საფონდო ბირჟაზე ყველა გაწევრიანდება. მე მაგალითად ჰესი მაქვს, მივდივარ და ვამბობ, რომ შემიძლია 1 მეგავატი მივცე ყოველთვე ბირჟას… რამდენად? – 5 თეთრად.  სხვა მოდის და ყიდის  3 თეთრად. კონკურენციაა ჩვეულებრივი და ამ ბირჟას სახელმწიფოსთან თითქოს არაფერი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს.

ევროკავშირის ნაწილში, ალბათ ჩვენი ვალდებულება იქნებოდა, რომ შეგვექმნა ასეთი ენერგეტიკული ბირჟა. შესაძლოა, აქამდე ენერგოსისტემის ყველა მწარმოებელი ჩაწყობით ყიდიდა ენერგიას… შესაძლოა,  სხვა მოქმედებებსაც ჰქონდა ადგილი…

ვფიქრობ, დაგვავალდებულეს რომ იყოს კონკურენცია.

– არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და პროცესებში დეპუტატების ჩართულობა და საპარლამენტო განხილვების დაწყება სთხოვა. ემხრობით თუ არა ასეთ ინიციატივას?

უკვე ვთქვი, ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური, ენერგეტიკის სფერო ურთულესია და თუ მასთან დაკავშირებული საკითხები პარლამენტში განსახილველი გახდება, მე მხოლოდ მივესალმები.

Leave a Reply