მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, Nord Stream 2 დასრულების პირასაა. გარდა ამისა, ევროპას მალე სხვა ენერგორესურსებიც დასჭირდება. რუსეთს შეეძლება წელიწადში ასი მილიარდამდე დოლარის გამომუშავება წყალბადის ექსპორტიდან, მათ შორის ევროპაში. აღნიშნულის შესახებ RIA Novosti-ის მიმომხილველი ნატალია დემბინსკაია იუწყება.
რუსეთის გეგმები ძალიან ამბიციურია – 2030 წლისთვის ის გეგმავს მსოფლიო ბაზრის 20%-ის და საბოლოოდ ლიდერის პოზიციის დაკავებას. ევროკავშირის სურვილი ნახშირბადის კვალისგან სრულად განთავისუფლებისა, ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა.
2050 წლისთვის წყალბადი რუსეთს წელიწადში 23,6-დან 100,2 მილიარდ დოლარამდე მოუტანს. “წყალბადის ენერგეტიკის განვითარების კონცეფციის” თანახმად, ხსენებული პერიოდისთვის, მსოფლიო ბაზარზე რუსული წყალბადის ექსპორტის მცულობა დაახლოებით 7,9-დან 33,4 მილიონ ტონას შეადგენს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი სცენარით განვითარდება წყალბადის ენერგიის ბაზარი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. საწარმოო ცენტრებიდან მოხმარების ცენტრებში ფართომასშტაბიანი ტრანსპორტირება შესაძლებელია ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მსგავსად. ასევე შესაძლოა წარმოება და მოხმარება კონკრეტულ ქვეყნებსა და რეგიონებში.
რუსეთი, როგორც პოტენციურად დიდი მიმწოდებელი, დაინტერესებულია აღნიშნული ბაზრით. 2020 წელს პირველად ”წყალბადის ენერგია” როგორც ცალკე მიმართულება იქნა ჩასმული რუსეთის ენერგეტიკულ სტრატეგიაში. მიზანი კი 2024 წლისთვის 0.2 მილიონი ტონის, ხოლო 2035 წლისთვის ათჯერ მეტი მოცულობის ექსპორტია.
დემბინსკაია აღნიშნავს, რომ ხსენებულის მიღწევას ქვეყანა აპირებს ინვესტიციების გაზრდითა და ბუნებრივი აირის საფუძველზე წარმოქმნილი წყალბადის წარმოებით, ასევე, განახლებადი წყაროებისა და ბირთვული ენერგიის გამოყენებით. გარდა ამისა, წყალბადის მისაღებად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთი ადგილობრივი ტექნოლოგიების განვითარებას, როგორიცაა პიროლიზი, მეთანის ელექტროლიზი და სხვა მეთოდები. იგეგემება უცხოური უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდების აქტიურად დანერგვა და გამოყენებაც.
ნინო სამადაშვილი