გაზეთ Wall Street Journal-ში დაიბეჭდა სტატია, რომლის ავტორის ენდრიუ პიიპლის ცნობით, სანამ რუსულ გაზზე ევროპაში მოთხოვნის სტაგნაციაა, „გაზპრომმა“ პირი იბრუნა აზიის მიმართულებით.
„გაზპრომის“ ფინანსური დირექტორი მოელის, რომ გაზმომარაგების თაობაზე მსხვილი გარიგება, რომელიც შარშან ჩინეთთან დაიდო, მომგებიანი იქნება მსოფლიო ბაზრებზე ენერგო-მატარებლებზე ფასების ვარდნის მიუხედავად.
Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „გაზპრომის“ ფინანსურ-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი კრუგლოვმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასთა ამჟამინდელ ვარდნას კომპანია მიიჩნევს ნორმალურ ციკლურ პროცესად.
„ჩვენ სპრინტერები არ ვართ. ჩვენ მარათონელები ვართ“- თქვა კრუგლოვმა და აქვე დაუმატა: „აი სწორედ ამიტომ ვცდილობთ ჩვენი პოზიციები გავიმყაროთ აზიის ბაზრებზე“.
კრუგლოვის სიტყვით, მოცემული შეთანხმების ჩარჩოებში კომპანია აპირებს განახორციელოს გაზის პირველი მიწოდებები არაუგვიანეს 2019 წლისა, როცა ფასწარმოქმნა შეიძლება გახდეს ბევრად ხელსაყრელი. გარდა ამისა, გარიგება, რომელიც ითვალისწინებს გაზის ფასთა მიბმას ნავთობზე, ხელსაყრელი იქნება იმ შემთხვევაშიც კი თუ ნავთობის ფაზები ამჟამინდელ დაბალ დონეზე დარჩება. წერს Wall Street Journal.
ტრადიციულად „გაზპრომი“ საზღვარგარეთ თავისი გაყიდვების უმეტეს ნაწილს ევროპელი მომხმარებლებისთვის ახორციელებდა, დაწყებული ენერგო-მეურნეობებით, დამთავრებული სხვა მომპოვებელი კომპანიებით, თუმცა, აზიის მიმართ „გაზპრომს“ უფრო სერიოზული გეგმები გააჩნია. 2025 წლისთვის კომპანია აპირებს აზიის ქვეყნების წილად 30 პროცენტამდე გაზარდოს გაზის ექსპორტი გაყიდვების მთლიან მოცულობასთან მიმართებაში. ხოლო, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიაში მოელიან რომ აზიაში ექსპორტი ევროპისას გაუტოლდება.
შარშან „გაზპრომი“ მნიშვნელოვნად დაწინაურდა საკუთარ აზიურ სტრატეგიაში, როცა დათანხმდა ჩინეთში გაზის გაყიდვაზე 30 წლის განმავლობაში 400 მილიარდი დოლარის ჯამური ანაზღაურებით“ – ნათქვამია Wall Street Journal ის სტატიაში.
„უკანასკნელ წლებში, მთელ მსოფლიოში გაზის კომპანიები მილიარდობით დოლარს აბანდებდნენ ახალ პროექტებში, ხშირად ექსპორტის გაზრდის მოლოდინით, რათა დაეკმაყოფილებინათ ჩინეთის აღმავალი ეკონომიკის მოთხოვნილება. მაგრამ, მიმდინარე წელს ჩინეთის ეკონომიკის შენელება ნეგატიურად დაეტყო მრეწველობას, რის შედეგად, მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტალის განმავლობაში გაზზე მოთხოვნა მხოლოდ 2 პროცენტით გაიზარდა.
შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ზრდის მონაცემი ორციფრიანი იყო გასული წლების განმავლობაში.
Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „გაზპრომის“ ფინანსურ-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი კრუგლოვი აცხადებს, რომ მისი კომპანია კვლავინდებურად იმედოვნებს ჩინეთიდან გაზზე მოთხოვნილების გაზრდას, თუნდაც დღეს ეს მაჩვენებელი 2 პროცენტს არ აღემატებოდეს ქვეყნის ელექტრო-ენერგეტიკის საჭიროებიდან გამომდინარე.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული მაჩვენებელი ბევრად დაბალია, ვიდრე მეტი წილი განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში.
„აი რატომ ვართ ესოდენ ოპტიმისტურად განწყობილნი და ეს მიუხედავად ჩინეთში გაზზე მოთხოვნილების ზრდის დროებითი შენელებისა“ – განაცხადა კრუგლოვმა.
„გაზპრომის“ მიერ ჩინეთთან დადებული გარიგება მიზნად ისახავს რუსეთიდან ჩინეთში გაზის მილსადენის აშენებას. კრუგლოვის სიტყვით, „გაზპრომს“ აქვს უნარი და საშუალება დააფინანსოს თავისი წილი მილსადენისა, რაზეც სავარაუდოდ 55 მილიარდი დოლარი დაიხარჯება საკუთარი რესურსებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს „გაზპრომის“ ვალებმა იმატა, კრუგლოვი ირწმუნება რომ ეს უკანასკნელი რჩება დაგეგმილ დიაპაზონში კომპანიის მოგების მიმართ.
მისი სიტყვებით, თუკი საბაზრო მოთხოვნები დამაკმაყოფილებელი იქნება, „გაზპრომი“ ამ შემოდგომაზე შეძლებს ამოიგოს საზღვარგარეთელი ინვესტორებისგან არანაკლები 1 მილიარდი დოლარისა.
უნდა აღინიშნოს, რომ „გაზპრომის“ პერსპექტივები უფრო მჭიდროდ აღმოჩნდა ჩინეთთან დაკავშირებული გასული წლის მიწურულს, როცა კომპანია დათანხმდა მეორე კონტრაქტზე, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის დასავლეთ რეგიონში 30 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებას შემდგომი 30 წლის განმავლობაში.
მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით არაა შეთანხმებული ფასი, რომლითაც რუსული გაზი გაიყიდება ჩინეთში. როგორც კრუგლოვმა თქვა, ეს საკითხი ამჟამად მოლაპარაკების პროცესშია იხილება.
„ჩვენ არ ვართ მზად ვინმეს გაზი მივყიდოთ დაუსაბუთებელ პირობებზე“ – განაცხადა „გაზპრომის“ ეკონომიკურ-ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი კრუგლოვმა. აქვე მან ოპტიმიზმი გამოხატა მოლაპარაკებათა მოსალოდნელ ხელსაყრელ შედეგებთან დაკავშირებით.
აფართოებს რა აზიაში თავის პარტნიორობას, „გაზპრომი“ ამავე დროს აწყდება საფრთხეებს თავის უდიდეს საექსპორტო ბაზარზე ევროპაში. ამჟამად, სტაგნაციაში იმყოფება ევროპელებისგან რუსულ გაზზე მოთხოვნილება. მეტიც, ევროპის ქვეყნები ცდილობენ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ამას წინათ, ევროპის კომისიამ დაადანაშაულა „გაზპრომი“ ბაზარზე კონკურენციის შეფერხების მცდელობაში. გარდა ამისა, რუსული გიგანტი კრიტიკის ობიექტი გახდა იმის გამოც, რომ იგი უსამართლოდ დაბალ ფასებს აწესებს თავისი კლიენტებისთვის ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში.
Wall Street Journal-ის სტატიაში, ასევე აღნიშნულია, რომ ორიოდე კვირის წინ, „გაზპრომმა“ ჩაატარა აუქციონი თავისი ევროპელი კლიენტებისთვის. შესაბამისი შეთავაზება წარმოებდა ე.წ.-ულ „სპოტურ“ ანუ მიმდინარე ფასებში, რომლებიც არ იყო მიბმული ნავთობის ფასებზე. „გაზპრომის“ ეს ნაბიჯი ანალიტიკოსებმა შეაფასეს როგორც ნიშანი იმისა რომ კომპანია ცდილობს გამოავლინოს მეტი მოქნილობა თავისი ევროპული გაყიდვების ჩარჩოებში.
როგორც კრუგლოვმა აღნიშნა, ევროპელი მყიდველებისთვის თვალნათელი გახდება რომ გაზის ალტერნატიული მიწოდებები, მაგალითად გათხევადებული გაზი ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა კატარი, შეიძლება რუსულ გაზზე უფრო ძვირი აღმოჩნდეს.
„თუკი ენერგომატარებლებზე ფასები გაიზრდება რუსული გაზის ჩანაცვლების გამო, ეს იქნება ყველასთვის მგრძნობიარე“ – განაცხადა რუსმა ენერგეტიკოსმა.
მისი თქმით, რუსული ნავთობისა და გაზის მრეწველობის მიმართ შემოღებული დასავლური სანქციები, აქამდე მხოლოდ იმ იურიდიული ფირმებისთვის იყო შემოსავლის წყარო, რომლებიც „გაზპრომს“ ეხმარებიან- შეიტანონ ხელშეკრულებაში შესაბამისი შესწორებები. ხსენებული სანქციები მოიცავს იმ ტექნოლოგიების რაოდენობის შეზღუდვას, რომლებიც დასავლურ კომპანიებს შეუძლიათ რუსეთს მიაწოდონ.
„ეს მხოლოდ დამატებით სამუშაოს გვიქმნის“- განაცხადა ანდრეი კრუგლოვმა და აქვე აღიარა, რომ „გაზპრომისთვის“ სანქციები გარკვეულად მუშაობის შემაფერხებელია და რომ მათი იგნორირება არ შეიძლება“ – სწერს გაზეთი Wall Street Journal.
წყარო: commersant.ge