სომხეთის ატომური ელექტროსადგურის გაჩერების მიზეზი გეგმური რემონტია, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი იქნება სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.
სადგური 141 დღის განმავლობაში იქნება გაჩერებული. იგეგმება სადგურის მეორე ენერგობლოკის კაპიტალური მოდერნიზაცია.
ატომური სადგურის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადგურის რემონტი მისი ეფექტიანობის და სანდოობის ასამაღლებლად განხორციელდება.
„გასულ წელს რემონტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა, დავაყენეთ დამატებითი დანადგარები. აუცილებელია რეაქტორის ავარიული გაცივების სისტემის განახლება, ასევე რეაქტორის კორპუსის მოდერნიზაცია. ყველა აუცილებელი სამუშაო 2021 წლის ოქტომბრამდე ჩატარდება“ – განაცხადა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მთავარმა ინჟინერმა არტურ გრიგორიანმა.
მიმდინარე წელს სომხეთის ატომური სადგურის მეორე ენერგობლოკის გახსნიდან 45 წელი სრულდება. რეაბილიტაციის შემდეგ ატომური სადგურის ექსპლუატაცია 2036 წლამდე იქნება შესაძლებელი.
ატომურ ელექტროსადგურზე რემონტის ჩასატარებლად სომხეთში 120 რუსი სპეციალისტი ჩავიდა. საერთო ჯაში კი სამუშაოებში რუსეთიდან ჩასული 350 სპეციალისტი მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ ვეხმარებით სომეხ მეგობრებს, რათა მათ სომხეთის ბირთვული ენერგეტიკის ისტორია შექმნან“- განაცხადა ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის გაგრძელების პროექტის ხელმძღვანელმა რუსეთის მხრიდან იური სვირიდენკომ.
სომხეთის ატომური სადგური ერთადერთი ატომური ელექტროსადგურია სამხრეთ კავკასიაში. ის სომხეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 30%-ს აწარმოებს. ამჟამად მეორე ენერგობლოკის კაპიტალური მოდერნიზაცია იგეგმება. პროექტს რუსული „როსატომ სერვისი“ აწარმოებს.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგური 15 მაისიდან გაჩერდა. სომხეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტს ის საქართველოდან მიღებული ელექტროენერგიით შეავსებს, რაზედაც საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.
სომხეთის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს. მის გაჩერება აქტიურად ითხოვს აზერბაიჯანი, ვინაიდან ბაქოში აცხადებენ, რომ სადგური ძველი, საბჭოთა ტექნოლოგიით არის აშენებული და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.