კიბერშეტევის შემდეგ, აშშ-ის უდიდესმა გაზსადენმა მუშაობა განაახლა

აშშ-ში უდიდესმა გაზსადენმა მუშაობა განაახლა. კომპანია Colonial Pipeline-მა, რომელიც ნიუ-იორკისა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილისთვის საწვავის მთავარი წყაროა, საწვავის გადაზიდვა უკვე დაიწყო, თუმცა უცნობია, ზუსტად რა დრო დასჭირდება მიწოდების ჩვეულ ტემპზე დასაბრუნებლად. 

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა განაცხადა, რომ მუშაობის განახლების შემდეგ, მიწოდების სრულად აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.

“ნაკადების განახლება პირველი ნაბიჯია, მაგრამ მას მოჰყვება ბენზინგასამართი სადგურების შევსება. Colonial pipeline-ს მუშაობის განახლება კრიზისის დასასრულის დასაწყისია და არა მისი დასასრული”,- ამბობს RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსი, მაიკლ ტრანი.

მილსადენი დღეში 2.5 მილიონ ბარელს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის მიწოდების 45%-ს შეადგენს.

აშშ-ის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევა პარასკევს განხორციელდა, რამაც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, საწვავზე დეფიციტი შექმნა და მისი ფასი გაზარდა. 

აშშ-ის საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი DarkSide, რომელიც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, რუსეთშია დაფუძნებული. რუსეთი აშშ-ის უდიდეს მილსადენზე განხორციელებულ კიბერშეტევაში მონაწილეობას უარყოფს.

Leave a Reply