გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფები ბოლო ათწლეულის მინიმუმზეა

გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფები ბოლო ათწლეულის მინიმუმზეა

გერმანიის ელექტროენერგიის ფასი პირველად 2003 წლის შემდეგ 30 ევროს (35 აშშ დოლარი) ჩამოსცდა, რაც დამატებით სირთულეების გამომწვევი იქნება EON SE-სა და RWE AG-ის, გერმანიის  მთავარი ენერგომომწოდებლებისათვის, რომლებიც ისედაც რეკორდულად დაბალი ფასებით ვაჭრობენ.

ელექტროენერგიის ერთი წლით ადრე შესყიდვის შესახებ დადებული ევროპული კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული ელექტროენერგიის საორიენტაციო ფასი 2.1%-ით შემცირდა და 2003 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. EON-ის შემოსავლები 8.6%-ით შემცირდა, რაც 2012 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებლია, ხოლო RWE-ის შემოსავალები 9.1%-ით, რაც 2011 წლის აგვისტოს შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დიდი ვარდნაა.

აღნიშნული კონტრაქტით ფასი 2008 წელს, ბაზარზე ფინანსური კრიზისი დაიწყებამდე, 90 ევროს აჭარბებდა. ამა წლის 24 აგვისტოს კი ევროპის ენერგობაზარზე ფასი მეგავატ-საათზე 29.73 ევრომდე დაეცა.

ფასის ვარდნის მიზეზები

ფასების ვარდნის მთავარ მიზეზად გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის “Energiewende” გეგმა სახელდება, რომელიც განახლებად ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს. გეგმის თანახმად, 2035 წლისათვის ქარისა და მზის ენერგია ქვეყნის ენერგიის 60%-ს უნდა შეადგენდეს. ეს კი სერიოზულად აზარალებს EON SE-სა და RWE AG-ის, ვინაიდან შედარებით იაფი მწვანე ენერგია ავიწროებს ქვანახშირისა და გაზის სადგურებს.

ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების თანახმად, გერმანიის ენერგომოხმარებაში განახლებადი ენერგიის წილი გასულ წელს 2.4%-ით გაიზარდა და 27.8%-ს მიაღწია. 2014 წელს ქვანახშირის, მურა ნახშირისა და ატომური ენერგიის წილი მთლიან ენერგომოხმარებაში 59%-ს შეადგენდა. 30 ევროზე დაბალი ფასის ფონზე ქვანახშირისა და ატომურ ელექტორსადგურებს ფიქსირებული ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ. 2022 წლისთვის გერმანია 8 დარჩენილი ატომური რეაქტორის დახურვას გეგმავს. EON-ის მფლობელობაში არსებული ატომური სადგური Grafenrheinfeld სამუშაო ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე, მიმდინარე წლის 27 ივნისს დაიხურა, ვინაიდან განახლებადების ზრდამ მისი შემოსავლების შემცირება და ატომურ საწვავზე გადასახადის ზრდა გამოიწვია.

თუ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი 30 ევროზე დაბლა შენარჩუნდება, „ეს დარჩენილი ატომური სადგურების დათქმულზე ადრე დახურვის შანსს გაზრდის“,- განაცხადა ბრუნო ბრუნეტიმ, Pira Energy Group-ის გენერალურმა დირექტორმა.

ისეთი საქონლის ფასების ცვლილება, როგორიცაა ნავთობი, ბუნებრივი გაზი და ქვანახშირი, ასევე ახდენს გავლენას ენერგიის ფასზე. „ბლუმბერგის“ სასაქონლო ინდექსმა, რომელიც 22 ნედლი პროდუქტისგან შედგება, 1999 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.

ენერგიის ფასის ვარდნაზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებაც მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს გერმანიის ეკონომიკა 1.4%-ით გაიზარდა, ენერგო მოხმარება 3.8-ით მაინც შემცირდა. საშუალოდ ცივმა ზამთარმა და გაზრდილმა ენერგოეფექტურობამ კიდევ უფრო შეამცირა მოთხოვნის ზრდის გრძელვადიანი ტემპი.

ენერგოდაიჯესტი

Leave a Reply