მერაბ ლომინაძე: თუ ნამახვანჰესზე აზრები არ შეჯერდა, შეუძლებელია, პროექტის განხორციელება

ენკას ქართველი დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საკმაოდ კვალიფიციურია და ერთადერთი პრობლემა, რაც მათი მხრიდან იდენტიფიცირებულია, არის კომუნიკაციის პრობლემა, არამარტო ხეობის მოსახლეობასთან, არამედ ზოგადად ქვეყნის მოსახლეობასთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. ამის შესახებ Forbesკვირასთან ინტერვიუში განაცხადა.

„მოგეხსენებათ ეს არ გახლავთ 5-20-50 მეგავატიანი ჰიდროელექტოსადგური, ეს გახლავთ 438 მეგავატიანი ჰიდროელექტოსადგური, ეს გახლავთ ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მე ვთვლი, რომ კომუნიკაცია ჯეროვნად უნდა შემდგარიყო საზოგადოების აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რაც ცხადია ვერ შედგა. ძალიან ბევრი ხმა არ იქნა გაგონილი, ძალიან ბევრი წუხილი, როგორც ჩანს, არ იქნა მოსმენილი. ჩვენ მზად ვართ, რაც დავინახეთ, ყველა ეს ხარვეზი აღმოვფხვრათ და არაერთი პლატფორმა გამოვიყენოთ ამისთვის.

სამწუხაროდ უკუკავშირი ამ ეტაპზე არ არსებობს. სამწუხაროდ საგნობრივ დისკუსიაში ის მხარე, რომელიც აპროტესტებს ამ პროექტს, არ ერთვება, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ დიალოგის იქით გზა არ არსებობს. ეს იმ მასშტაბის პროექტია, რომელიც საჭიროებს ერთობლივ გადაწყვეტილებას და საერთო კონსენსუსს და თუ არ მოხდა აზრთა შეჯერება, მე შეუძლებლად მიმაჩნია ეს პროექტი განხორციელდეს“-განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

წყარო: BM.GE

Leave a Reply