“ენკას” დირექტორი: რიონის ხეობაში კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს”, – ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ასე ეხმაურება კომპანია “ენკას” დირექტორი მერაბ ლომინაძე მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებლის, ვარლამ გოლეთიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხეობაში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

ლომინაძეს მიაჩნია, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო მობილიზაციისთვის პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავენ.

“ძალიან სამწუხაროა, რომ საპროტესტო მობილიზაციისთვის გამოყენებულია გარკვეული პროვოკაციული ქმედებები. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებს წინასწარ არც კი უკითხავთ მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კომპანიის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში არიან ადგილზე იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ზედამხედველობისა და გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლებთან მუდმივ რეჟიმში და ამ შემთხვევაში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ისინი განახორციელებენ სრულ მონიტორინგს უახლოეს მომავალში. ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას”, – აცხადებს მერაბ ლომინაძე.

შეგახსენებთ, ვარლამ გოლეთიანმა დღეს განაცხადა, რომ რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები და კაშხლის ტანის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ფეისბუქ-ლაივის დროს, გოლეთიანმა, რომელიც მშენებლობის ადგილზე იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ატყუებს საზოგადოებას, როდესაც ეუბნება, რომ მშენებლობა კვლევების გადამოწმების შემდეგ გაგრძელდება.

Leave a Reply